საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ღონისძიება საზეიმო კონცერტით დაიხურა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა