მიმდინარე წლის 4 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინა სააკაშვილი, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ფრიდონ შენგელია, მოადგილე ეკატერინე ღვანია, აუდიტორი ფრიდონ დონაძე.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, აფხაზეთის მთავრობამ 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის დაკორექტირებით არის გამოწვეული. ამასთან, მოსალოდნელია ბიუჯეტის გარკვეული ზრდა, რაც მისასალმებელია. დისკუსიის დასრულების შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ, გაიხსნა პლენარული სხდომა.

2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტში ცვლილებებისა და ამ ცვლილებების ძირითად პარამეტრებზე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან თევზაიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანამ განაპირობა მხარჯავი დაწესებულებების დასაბუთებული მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებენ დამტკიცებული ასიგნებების კორექტირებასა და ცალკეული ქვეპროგრამების დასახელებების დაზუსტებას. ცვლილების მიზანი გახლავთ საბიუჯეტო რესურსების რაციონალური განაცილება, პრიორიტეტული და გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება და პროგრამების/ქვეპროგრამების შეუფერხებელი უზრუნველყოფა, აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ლევან თევზაიას განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია ისეთი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების ზრდა, როგორიცაა: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა, ქვეპროგრამის ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია. დაფინანსების ზრდა ასევე შეეხება სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს - „აფხაზეთი“ და „შავნაბადა“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს რიგ პროგრამებს.

საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკატერინე ღვანიამ. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან განკარგვას და ასიგნებების ზრდის დასაბუთებულობას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ჯგუბურია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაიჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.   

 

გალერეა

სხვა სიახლეები