კინოს სახლში,
პროექტის „აფხაზეთი მე ვარ“ ფარგლებში, ორგანიზაციის „მშვიდობის ელჩები – ახალი ხმა“
ინიციატივით, შორენა ჯავაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა გაიმართა.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა
მინისტრი დავით ფაცაცია და მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი. პრემიერას
ასევე დაესწრნენ შორენა ჯავაშვილის მეგობრები, ოჯახის წევრები, ფართო საზოგადოების
წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც იგი აფხაზეთის თემაზე მუშაობდა
და სამშვიდობო ინიციატივებს ახორციელებდა.
საღამო ფილმის
სცენარის ავტორმა და მშვიდობის ელჩმა, ფატი კიპაროიძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა
დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ შორენა ჯავაშვილის ხსოვნამ და
მისმა სახელმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ადამიანები იმ პროექტის გარშემო, რომელსაც თავად
ჩაუყარა საფუძველი. კიპაროიძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მუდმივად ესწრებიან მსგავს
ღონისძიებებს და მხარს უჭერენ პროექტის განხორციელებას.
მისი განცხადებით,
შეხვედრის მიზანი იყო შორენა ჯავაშვილის გახსენება, მისი პიროვნებისა და საზოგადოებრივი
საქმიანობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა, იმის ჩვენება, თუ რა გააკეთა მან აფხაზეთის ქართველობისა
და აფხაზების თანადგომისა და ნდობის აღდგენისთვის.
შორენა ჯავაშვილი
ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველოს“ ხელმძღვანელი იყო. მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა
სამშვიდობო ინიციატივებსა და საზოგადოებრივ პროექტებს. ორგანიზაცია ახორციელებდა სახალხო
პროექტს „აფხაზეთი მე ვარ“, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ომის თემაზე დოკუმენტური ფილმები
მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა გმირი სამხედროების ღვაწლის წარმოჩენა, მომავალ
თაობასთან სამშვიდობო გზავნილების მიტანა და საოკუპაციო ხაზებს მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებთან
ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.
ფილმის დასრულების
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ მშვიდობის ელჩები, შორენა ჯავაშვილის მეგობრები და ოჯახის
წევრები, რომლებმაც მისი მოღვაწეობა და საზოგადოებრივი საქმიანობა გაიხსენეს.
შორენა ჯავაშვილთან
პირადი ურთიერთობისა და თანამშრომლობის დასაწყისი გაიხსენა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მისი თქმით, ნახევარი საათის საუბრის შემდეგ ისინი
ერთმანეთს დაშორდნენ როგორც მეგობრები, ხოლო შემდგომი საქმიანობა შორენასთან მჭიდრო
პარტნიორობითა და მისი ინიციატივების მხარდაჭერით გაგრძელდა.
ჯემალ გამახარიამ
აღნიშნა, რომ შორენა ჯავაშვილმა მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო. მისი შეფასებით, აფხაზეთის
თემაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს არა მხოლოდ ზოგად და ფართომასშტაბიან
საკითხებს, არამედ კონკრეტულ ადამიანებსაც, რომლებმაც ომის დროს იბრძოლეს, მნიშვნელოვანი
როლი შეასრულეს და თავიანთი მოქმედებებით უფრო დიდი ტრაგედიების თავიდან აცილებასა
და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეუწყვეს ხელი.
ამ კონტექსტში
მან ხაზი გაუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებიც აფხაზეთის ფარგლებს გარედან ჩავიდნენ,
ბოლომდე დარჩნენ პოზიციებზე და საკუთარი მოვალეობა პატიოსნად შეასრულეს. თავმჯდომარის
განცხადებით, ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა ეკუთვნით, სწორედ
ასეთი გმირების მოძიებასა და მათი დამსახურების წარმოჩენას ემსახურებოდა შორენა ჯავაშვილის
მიერ წამოწყებული პროექტი.
ღონისძიებაზე
სიტყვით ასევე გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა მინისტრი დავით ფაცაცია.
ფილმის პრემიერა
კიდევ ერთხელ იქცა შორენა ჯავაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგების, მისი დაწყებული
საქმის გახსენებისა და აფხაზეთის თემაზე სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობის წარმოჩენის
შესაძლებლობად.