მიმდინარე
წლის 18 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და
პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის
ინტერპელაციის წესით მოსმენის“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის 3 კვარტლის ნაზარდი ჯამით შესრულების მიმოხილვის შესახებ“.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, მინისტრის პირველი მოადგილე მანონი გეჯუა, აფხაზეთის
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ამავე სამინისტროს
საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინა სააკაშვილი, საქართველოს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
ფრიდონ შენგელია, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია, საქართველოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორი ფრიდონ დონაძე.
ბესიკ კუსიდიმ
პასუხი გასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ
წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო
მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალი პროგრამების დანერგვასა და არსებული
პროგრამების გაუმჯობესებას, დაუფინანსებელი სამედიცინო საჭიროებების საკითხს, ასევე
ოკუპირებული გალის რაიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს.
ბესიკ კუსიდის
განცხადებით, სამინისტრო გეგმავს არსებული პროგრამების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებასა
და ახალი კომპონენტების დანერგვას. მათ შორის, ონკოლოგიური მომსახურების დიაგნოსტიკისა
და მკურნალობის დაფინანსების ცალკეულ კომპონენტებად გამიჯვნას, მრავალშვილიანი ოჯახებისა
და მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მოვლის საჭიროების მქონე პაციენტების მხარდაჭერის ახალი
მექანიზმების ამოქმედებას. ასევე დაგეგმილია „დიომედის“ მიმართულებით თანაგადახდის
სრულად დაფინანსება და შესაბამისი სამედიცინო ჩვენების მქონე პაციენტებისთვის ბინაზე
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. მინისტრმა განმარტა, რომ აუდიოგრამისა და პარაზიტოლოგიური
კვლევების დაფინანსება მოქმედი ქვეპროგრამებით უკვე გათვალისწინებულია.
კიდევ ერთი
შეკითხვა შეეხებოდა 2026 წელს დევნილი მოსახლეობის იმ აუცილებელ სამედიცინო საჭიროებებს,
რომელთა დაფინანსებაც არსებული პროგრამებით სრულად ვერ ხერხდება, მათ შორის, სამედიცინო
დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას.
მინისტრის
განმარტებით, სამინისტროს პროგრამები მოიცავს ამბულატორიულ, სტაციონარულ, დიაგნოსტიკურ
და სარეაბილიტაციო მომსახურებებს, თუმცა ცალკეული საჭიროებების სრულად დაფინანსებას
პროგრამებით განსაზღვრული ფინანსური ლიმიტები და შეზღუდვები ართულებს. მან ყურადღება
გაამახვილა მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების არსებულ მექანიზმებზე, მათ შორის
ონკოლოგიური, თვალის, მძიმე და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დაფინანსებაზე.
აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს პროგრამების პირობებისა და ფინანსური ლიმიტების
გადახედვას, რათა ეტაპობრივად შემცირდეს ფინანსური ბარიერები და გაიზარდოს აუცილებელ
სამედიცინო მომსახურებებსა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა.
სხდომის
მსვლელობისას მინისტრს დამაზუსტებელი შეკითხვებით მიმართეს და მოსაზრებები გამოთქვეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში
კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ
და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ
ჯგუბურიამ.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის
წარმოდგენისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. მან კიდევ
ერთხელ ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე, რაც მნიშვნელოვნად
გაზრდილ ბიუჯეტშიც აისახება. ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს ეფექტიან საქმიანობას
და ამის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. კერძოდ, 2024 წლის სამინისტროს ბიუჯეტი
3,2 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წელს 6 მილიონს მიუახლოვდა, მიმდინარე წელს კი 10
მილიონს გადააჭარბა. ასეთია აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა, გამოხატული კონკრეტულ
ციფრებში.
დღის წესრიგის
მეორე საკითხთან — 9 თვის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებით, მოხსენებით
წარდგნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია,
ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია,
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია.
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ
ზურაბ ჯგუბურიამ.
ხაზი გაესვა,
რომ უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც ადრე, ამჟამადაც სრულად იზიარებს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის დასკვნებში ასახულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც
აუცილებელია.