18 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საქართველოს მწერალთა კავშირისა და მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ თაოსნობით, გამოჩენილი აფხაზი მთავრის, პოეტის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი შარვაშიძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა დაესწრნენ.

საღამომ კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება, რომლისთვისაც ისტორიული წარსული დღევანდელობის მაცოცხლებელი ძალაა. ეს შეხვედრა იყო ერთგვარი სულიერ ხიდი იმ ეპოქასთან, სადაც სამშობლოს სიყვარული, მშობლიური ენა და ღირსება უმთავრეს ზნეობრივ საზომს წარმოადგენდა. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის შვილმა, გიორგი შარვაშიძემ მთელი ცხოვრება და შემოქმედება საქართველოს მსახურებას მიუძღვნა. მისი ცნობილი სტრიქონები — „განგებავ! ამას ნუ მიწყენ, ვერ გადავგვარდე გვარადა, ხანდისხან დავიდუდუნო მამაპაპური ვარადა“ — დღემდე ჟღერს, როგორც საკუთარი ფესვებისა და ერთიანობისადმი უზენაესი ერთგულების აღთქმა.

გიორგი შარვაშიძის ცხოვრება ისტორიული სიმართლისა და სულიერი ერთობის ცოცხალი მაგალითია. აფხაზეთისა და მთელი საქართველოს ამ ღირსეულმა შვილმა საკუთარი კალმითა და მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ქართული და აფხაზური კულტურა ერთიანი, განუყოფელი ფესვებიდან იზრდება. მისი პოეტური სიტყვა დღესაც ხიდია თაობებს შორის და გვახსენებს ჩვენს საერთო ტკივილსაც და სიამაყესაც.

დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გიორგი შარვაშიძის მრავალმხრივ შემოქმედებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილ მის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წარმომადგენელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, საერთაშორისო აკადემია „გულანის“ თავმჯდომარე ნაირა მარშანიამ, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორმა ბადრი ქუთათელაძემ.

თავის გამოსვლაში ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა გიორგი შარვაშიძის თავდადებას სამშობლოს წინაშე და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ისაუბრა აფხაზეთის მთავრის ოჯახში ქართული ენისა და კულტურის განსაკუთრებულ პატივისცემაზე. მან აღნიშნა, რომ გიორგი შარვაშიძემ ყველაფერი და ის დიდებაც კი, რომელიც მას წინ ელოდა, სამშობლოს — საქართველოს დაუთმო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გაიხსენა 1855 წელს საქართველოს ეგზარქოსის მიერ მეფისნაცვალ მურავიოვისთვის წარდგენილი ანგარიში და გიორგი შარვაშიძის მასწავლებლის, იღუმენ ალექსანდრე ოქროპირიძის წერილები, რომელთა მიხედვითაც აფხაზეთის მთავრის ოჯახში — მათ შორის, გიორგის, მისი ძმის ალექსანდრესა და დის, თამარის ყოველდღიურობაში — სუფთად და სრულყოფილად, როგორც მშობლიურ ენას, ისე ფლობდნენ, კითხულობდნენ და წერდნენ ქართულად — როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო ენაზე. ჯემალ გამახარიას თქმით, ამ ისტორიული სიმართლისა და წერილობითი წყაროების ცოდნა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზებისთვის.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დავით აღმაშენებლის სახელობის ენდალმითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

საღამოს მხატვრული ნაწილი გააფორმეს მსახიობებმა ელდინო საღარაძემ და ზვიად დოლიძემ, მუსიკალური ნომრები კი მომღერალმა სოფო ბედიამ შეასრულა. ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოება შარვაშიძეების გვარის წარმომადგენელმა, მამა ვახტანგმა დალოცა, რის შემდეგაც „მრავალჟამიერი“ შესრულდა.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კულტურა, ისტორიული მეხსიერება და საქართველოს ერთიანობის რწმენა სწორედ ის მთავარი საძირკველია, რომელზეც ჩვენი მომავალი დგას.




სხვა სიახლეები