მიმდინარე წლის 25 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის
შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების
შეტანის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“; „ადა მარშანიას ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების
შესახებ“.
პრეზიდიუმმა მოისმინა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა
დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის ადა მარშანიას ინფორმაცია ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ.
მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ქ. ზუგდიდს ეწვია, სადაც შედგა შეხვედრა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. მუხურის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა
სოფლის მოსახლეობის წინაშე არსებულ საყოფაცხოვრებო, სოციალურ და სხვა სფეროს პრობლემებზე,
რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. შეხვედრის
დასასრულს დადიანების კარის ეკლესიაში წმ. გიორგის ხსნების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი
და აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ჯგუბურიამ,
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილემ ნუგზარ მგალობლიშვილმა.
პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ გაიხსნა პლენარული სხდომა.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
ინფორმაცია წარმოადგინეს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ და იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის,
კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა,
გავლილია რეგლამენტით მოთხოვნილი ყველა პროცედურა. მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შემდეგ,
დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.
სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს წევრებმა საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ იმსჯელეს. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, დეპუტატებმა
რეგლამენტის თანახმად ღია კენჭისყრით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბატონი მურმან კვარაცხელია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ კოლეგების სახელით მას არჩევა მიულოცა.