ჯემალ გამახარია: „26 აგვისტო - აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“

რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 26 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარა. არსებითად ეს იყო და არის საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიების არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ მათი ანექსიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.


მოვლენების შემდგომი განვითარება და, პირველ რიგში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღეს არსებული ვითარება ნათლად მოწმობს, რომ კრემლის საბოლოო მიზანი არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მათი ჩამოყალიბება, რისი პოტენციალიც აღნიშნულ წარმონაქმნებს არ გააჩნდათ წარსულში და არც მომავალში ექნებათ. კრემლის „ექსპერტების“ მიერ აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხის პერიოდულად წინ წამოწევა, მათ შორის პირდაპირ დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს, კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ აფხაზეთის ფიქტიური დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება.

 

აფხაზეთი დღეს უკვე აშკარად დგას ან ძალიან მალე დადგება მკაცრი დილემის წინაშე: რუსეთთან შეერთება და გარდუვალი ეროვნული კატასტროფა ან მშობლიურ წიაღში - საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და ევროპული მომავალი მასთან დაკავშირებული ეროვნულ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიკეთეებით.

ამასთანავე კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ სრულიად საქართველო, დევნილი მოსახლეობა, რომელიც თავისი რიცხოვნობით ორჯერ აღემატება ავტონომიურ რესპუბლიკაში ამჟამად მცხოვრებთა რაოდენობას, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად არასოდეს დაუშვებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას. ერთადერთი გამოსავალი ქართველი და აფხაზი ხალხების შერიგებასა და გაერთიანებაშია.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions