აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ავრცელებს სპეციალურ განცხადებას რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის მითვისებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია

 

რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2023 წლის 16 ივნისს ქალაქ პეტერბურგში ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უკვე მოახდინა მისი „რატიფიცირება“.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული „შეთანხმება“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის აეროპორტის მისაკუთრებას.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის უკანონო გადაწყვეტილებით სოხუმის აეროპორტი წინასწარ იქნა მიმაგრებული როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეზე. იმავე გადაწყვეტილებით მას ასევე უკანონოდ მიენიჭა რუსული კოდი (URAS) და ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ აეროპორტის აღდგენისა და მისაკუთრების რუსული გეგმის თანახმად, იგი უპირატესად სამხედრო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ეს კი დამატებით საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. აეროპორტის ექსპლოატაციის უზრუნველყოფის საბაბით იგეგმება რუსეთიდან ასობით სპეციალისტის ჩამოსახლება და აღნიშნულ ობიექტზე დასაქმება. ამრიგად, „შეთანხმება“ მთლიანად თავსდება მცოცავი ანექსიის პოლიტიკის ჩარჩოებში. ამასთანავე იგი წარმოადგენს რუსეთის  წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას.

როგორც ცნობილია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) 2006 წლის აგვისტოდან გაუქმებული აქვს სოხუმის აეროპორტის კოდი. შესაბამისად, მისი ამოქმედება ეწინააღმდეგება ICAO-ს მოთხოვნებს. მხოლოდ აღნიშნულ  ორგანიზაციას აქვს სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად აღიარების, საქართველოს მთავრობის წინადადებით მისთვის კოდის კვლავ მინიჭებისა და საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვის გაცემის უფლება.

ვინაიდან „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, უმაღლესი საბჭოს უახლეს სხდომაზე ის გამოცხადდება ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ რუსეთის გადაწყვეტილებას სამხედრო მიზნებისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ, რომელიც სეპარატისტებთან დადებული „შეთანხმებით“ არის შენიღბული.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions