აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებას გამოაკლდა ღირსეული წარმომადგენელი, ღვაწლმოსილი, დამსახურებული მამულიშვილი, წარმატებული სამეურნეო ხელმძღვანელი, საზოგადო მოღვაწე, მაღალი ორგანიზატორული ნიჭითა და უნარ-ჩვევებით გამორჩეული პიროვნება მოგელ გახას ძე ზუხბაია. 

მოგელ ზუღბაია დაიბადა 1937 წელს გალის რაიონის სოფ. ღუმურიშში. 1966 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მთელი მისი შრომითი საქმიანობა დაკავშირებული იყო მშობლიურ რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარებასთან. 1966 წლიდან მუშაობდა კოხორის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად, აგრონომად. როგორც აქტიური და ინიციატივიანი სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, 1970 წელს გალის რაიონის ხელმძღვანელობამ ის დააწინაურა ისტორიული სოფლის - ოქუმის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე მან თითქმის ორი ათეული წელი იმუშავა. მოგელ ზუხბაიას ხელმძღვანელობის პირობებში ოქუმი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არა მარტო აფხაზეთის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით, რაც დადებითად აისახა თვით სოფლის ინფრასტურქტურაზე, მისი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. სოფელი სისტემატიურად ჯილდოვდებოდა იმჟამად არსებული პრესტიჟული საკავშირო და საქართველოს ჯილდოებით. 

მოგელ ზუხბაიას აქტიური მონაწილეობა როგორც გალის, ასევე აფხაზეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეულად იქნა დაფასებული. ის გახლდათ გალის რაიონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევითი ორგანოების წევრი. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს საპატიო სიგელებით.  სიცოცხლის ბოლო წუთამდე ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარების პროცესებში სახალხო დიპლომატიის ხაზით. 

წავიდა კიდევ ერთი, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით გულნაკლული ადამიანი. ვუსამძიმრებთ მის მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს, ახლო ნათესავებს, მეგობრებს.
 

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.


სხვა სიახლეები