4 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკას, ეკონომიკურ წარმატებებსა და კეთილდღეობას ალტერნატივა არ გააჩნია.

თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთად დგომით არის შესაძლებელი ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს აშენება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და ერთი სამშობლო, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება, სხვა დანარჩენ საკითხებში განსხვავებული შეხედულებების გამო უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე? დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება, ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ, განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის სხდომას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ხელმძღვანელები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები