7 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბექა ღვაჩლიანის ინტერპელაციის წესით მოსმინეს შესახებ“ და „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

მინისტრმა ბ. ღვაჩლიანმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ქვეყნაში განათლებისა და კულტურის განვითარების კონცეპტუალური მიდგომისა და შესაბამისი მუდმივმოქმედი დოკუმენტის შექმნის შესახებ; საზღვარგარეთ და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებების აღსაზრდელებში ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება-განმტკიცებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების შესახებ. 

ბექა ღვაჩლიანმა ასევე მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორცილებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ. მისი განცხადებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება ისეთი მიზნობრივი პროგრამები, როგორიცაა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების დირექტორების, მასწავლებლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ტრენინგები, ჩართულია - 20 დირექტორი; ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა; საგნობრივი ტრენინგები (მათ შორის მედიაწიგნიერებისა და ინკლუზიური განათლების), ჩართულია - 650 მასწავლებელი; ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ გაკვეთილები და სხვა. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ადა მარშანია, ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ანზორ წოწონავა. დისკუსიის მსვლელობისას გამოითქვა მნიშვნელოვანი წინადადებები, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების და უცხოეთში სასწავლო პროგრამებით მყოფი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების შესაძლო ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის შესახებ საკითხებზე.  

განხილვის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. 

სხდომის მეორე ნაწილი უმაღლესი საბჭოს რეგლამნეტში ცვლილების შეტანას დაეთმო. საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე განისაზღვრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების გახსნისა და დახურვის შესაბამისი ვადები. დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს რეგლამენტში წარმოდგენილ ცვლილებას.  

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მინისტრის მრჩეველი ნინო ლობჟანიძე, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია, მინისტრის თანაშემწე ანა ანდრიაძე, პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ხასაია. 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.




გალერეა

სხვა სიახლეები