აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
თებერვლის პირველ სამშაბათს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია, თავმჯდომარის
ჯემალ გამახარიას მიმართვით გაიხსნა. მან 2024 წელს გაწეული საქმიანობის, სამომავლო
გეგმებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
საგაზაფხულო სესიის გახსნას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, უმაღლესი საბჭოს
აპარატისა და მედიის წარმომადგენლები.
მიმართვის დასაწყისში ჯემალ
გამახარიამ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა კორპუსში წარმოდგენილია საქართველოს
დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყნის სათავეში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალის მიმდევრები
„მრგვალი მაგიდით“ დაწყებული და „ქართული ოცნებით“ დამთავრებული. მიუხედავად ამისა,
უმაღლესი საბჭო, მისი აბსოლუტური უმრავლესობა რჩება უზენაესი საერთო მიზნის მქონე შეკრულ
გუნდად. ეს უზენაესი საერთო მიზანი კი საქართველოს გამთლიანებაა. ამ თვალსაზრისით უმაღლესი
საბჭო ჭეშმარიტად უნიკალური და მისაბაძი წარმომადგენლობითი ორგანოა. იმედს გამოვთქვამთ,
რომ ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქართული საზოგადოება დაძლევს პოლიტიკურ
დაპირისპირებას და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას.
ჯემალ გამახარიამ მიმოიხილა
უკიდურესად არასტაბილური საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობაც, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემები.
აღნიშნა, რომ საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის სამი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინის
წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება. ეს საფრთხე ატარებს ეგზისტენციალურ
ხასიათს საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. უმაღლესმა
საბჭომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ცალსახა პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ და
გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სამართლიანი ბრძოლის მიმართ.
თავმჯდომარის თქმით, გასული
წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოში განსაკუთრებული ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობას
ეთმობოდა. საშემოდგომო სასესიო პერიოდში ჩატარდა 20 პლენარული სხდომა, მათ შორის 3
რიგგარეშე; განხილულია 43 საკითხი. გრძელდება საქმიანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან.
2024 წლის 28 ივნისს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარდგენილ იქნა
კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. სამწუხაროდ, დროის სიმცირის
გამო, საქართველოს პარლამენტმა ვერ მოასწრო მისი განხილვა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმაღლესი საბჭოს მიერ
შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის
შესაბამისად, გადმოტანილია განსახილველად ახლად არჩეულ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში.
მიღებულია აფხაზეთის მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
ცვლილება აფხაზეთის კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“. გარდა ამისა, განვლილ სასესიო
პერიოდში უმაღლესმა საბჭომ იმუშავა კანონებზე როგორც 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან
დაკავშირებით, ისე კანონზე 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. წინა წელთან შედარებით,
2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი მკვეთრად არის გაზრდილი, რაც აფხაზეთის მთავრობის დამსახურებაა;
ახალი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია; ბიუჯეტის ფორმირების, განხილვისა და მიღების
ეტაპებზე უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტებისა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროს შეთანხმებული მუშაობის შედეგად მივიღეთ უფრო სრულყოფილი ბიუჯეტი და მისი
დამტკიცების ბევრად უფრო გამარტივებული პროცედურა. ცხადია, მსგავსი შეთანხმებული მუშაობა,
თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
მისი თქმით, უნდა დაჩქარდეს
მუშაობა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტზე - ცვლილებაზე საქართველოს კანონში
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ცვლილებამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურების
გამარტივებას. უნდა მოვახერხოთ, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩვენი თანამოქალაქეები
გადაადგილდებოდნენ ზედმეტი დაბრკოლებებისა და გაუმართლებელი ბარიერების გარეშე, აღნიშნა
ჯემალ გამახარიამ.
ჯემალ გამახარიამ უმაღლესი
საბჭოს კომიტეტების მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალ სასესიო პერიოდში უმაღლესი
საბჭო პლენარულ სხდომებზე მოისმენილ იქნება ხუთივე კომიტეტის წლიური ანგარიში. რეგულარულად
ტარდებოდა მათი სხდომები და სხვადასხვა ღონისძიებები. განხილული საკითხების ნუსხა მრავალფეროვანია
და ეხება ჩვენი საქმიანობის ყველა მიმართულებას. ამასთან, კომიტეტებს რეგულარულად სტუმრობენ
ჩვენი დევნილი თანამოქალაქეები ან მიმართავენ წერილობით. საშემოდგომო სასესიო პერიოდის
განმავლობაში შემოსულია 453 განცხადება თუ წერილი. ყველაზე მეტი კორესპონდენცია ადამიანის
უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა
კომიტეტში შემოვიდა - 153; შემდეგ მოდის სოციალურ - ეკონომიკურ საკითხთა, ჯანდაცვისა
და დევნილთა საქმეების კომიტეტი - 111; იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
- 100 და ა.შ. ყოველ შემოსულ წერილზე, განცხადებაზე ადექვატური რეაგირება დაკავშირებულია
დიდ შრომასთან და პასუხისმგებლობასთან. თავიანთ წერილებში დევნილები ითხოვენ დახმარებას, ზოგჯერ შველას. ადამიანები, რომლებსაც
ძალიან უჭირთ, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, ვის კომპეტენციაში შედის მათი პრობლემის გადაწყვეტა
- აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საკანონმდებლოსი. სამაგიეროდ ათწლეულების განმავლობაში
კარგად გაიცნეს ადა მარშანია, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია და სხვა კოლეგები. ამიტომაც
მიმართავენ მათ, მიმართავენ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსაც. სულ ცოტა, მადლობას იმსახურებენ
კომიტეტების თავმჯდომარეები, ცალკეული დეპუტატები, რომლებიც გულისხმიერებით ეკიდებიან
ყოველ შემოსულ განცხადებას და, ხშირ შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობით,
ყველაფერს აკეთებენ, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.
ჯემალ გამახარია შეეხო უმაღლესი
საბჭოს აპარატის მუშაობას. მისი განცხადებით, 2021 წლიდან უმაღლეს საბჭოში ფუნქციონირებს
„ცხელი ხაზი“, რომელზეც დევნილი მოსახლეობა 24 საათიან რეჟიმში გვიკავშირდება.
2024 წლის განმავლობაში „ცხელ ხაზზე“ 1080 შეტყობინება შემოვიდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა
ტრადიციულად ეხებოდა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში მიღებასთან, „სოფლად სახლის“
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში თანხის გამოყოფასთან, სამედიცინო მომსახურებასთან, სწავლის
ქირის გადახდასთან, ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მეშვეობით საკვები პროდუქტების
გამოყოფასთან, სასამართლოში საჩივრის შეტანასთან დაკავშირებულ და დევნილებისათვის აქტუალურ
სხვა საკითხებს. შეტყობინებების ნაწილზე (მაგალითად,
კონსულტაციები სამართლებრივ საკითხებზე, პროდუქტების მიწოდება და ა.შ.) რეაგირებას
ახდენს უშუალოდ უმაღლესი საბჭო. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა აფხაზეთის მთავრობის,
ასევე ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ოპერატიულად რეაგირების
მექანიზმიც. კერძოდ, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბ-ნ თამაზ ხუბუას ხელმძღვანელობით
ყველა აღნიშნულ საკითხზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან
მუშაობის კოორდინაცია.
ჯემალ გამახარიას განცხადებით,
განვლილი 2024 წლის განმავლობაში, უმაღლესმა საბჭომ გამონახა დევნილ მოსახლეობასთან
ურთიერთობის, მასთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ფორმა, კერძოდ: 2020 წლის
ივნისში უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის - ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისათვის“
საქმიანობას. დეპუტატების დიდი უმრავლესობა და აპარატის ყველა თანამშრომელი, როგორც
ცნობილია, საკუთარი ხელფასებიდან აღნიშნულ ფონდში ყოველთვიურად რიცხავს გარკვეულ თანხას.
დღემდე ფონდში ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 334 247 ლარი; აქედან 31 010 ლარი შემოვიდა
საშემოდგომო სასესიო პერიოდში. იმავე პერიოდში 978 დევნილ ოჯახს გადავეცით პროდუქტები
თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხობში, წალენჯიხის რაიონის დასახლებებში
- ფოცხოეწერსა და ზღვაიაში. გარდა ამისა, 73 სკოლის მოსწავლეს ბორჯომიდან (38), წეროვანის
დასახლებიდან (3), ხაშურიდან (12), ზუგდიდიდან (8), ოკუპირებული აფხაზეთიდანაც კი
(12) გადავეცით სასკოლო ჩანთები და მასთან ერთად სხვა სასკოლო ნივთები. უმაღლეს საბჭოში
არის იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტ თანხას მოუყაროთ თავი და, შესაბამისად, დავეხმაროთ
მეტ ადამიანს.
თავმჯდომარის განცხადებით,
განათლების მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვაქვს სრული კატასტროფა. მიუხედავად
ყველაფრისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების იდეამ თანდათანობით პოპულარობა
მოიპოვა, რასაც ხელი შეუწყო უმაღლეს საბჭოში 2016 წელს ნანა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით
შექმნილმა საპილოტე პროექტმა სახელწოდებით: „სინქრონული (ონლაინ) და ასინქრონული ქართულენოვანი
დისტანციური სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში“. განვლილი წლების მანძილზე პროექტში მონაწილეობა
მიიღო 500 მოსწავლემ. მიმდინარე სასწავლო წელს მასში მონაწილეობს 53 მოსწავლე ჭუბურხინჯიდან,
საბერიოდან, ოტობაიიდან, ოქუმიდან და ღუმურიშიდან. მათ უკვე ჩაუტარდათ 68 საგაკვეთილო
საათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურში. უმაღლესი საბჭოს ამ პროექტის
გაცნობის შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა ქ-ნმა ეკა ხოფერიამ
გალის რაიონისთვის შექმნა კიდევ ერთი ფაქტობრივად საპილოტე პროექტი - დისტანციური საკვირაო
სკოლა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
უმაღლესი საბჭოს საქმიანობის
ამსახველი ერთგვარი სარკეა ჩვენი ვებგვერდი, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მთელი
საშემოდგომო სასესიო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი განახლება და ე.წ. რედიზაინი.
ცვლილებები შეეხო როგორც ძირითად ფუნქციონალს, ისე მართვის სისტემასა და ვიზუალურ მხარეს.
ამჟამად ვებგვერდის განახლებული ვარიანტი უკვე ჩაშვებულია და მიმდინარეობს მისი გატესტვა.
ვებგვერდზე თავიდანვე არსებულ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს დაემატა აფხაზური ენაც.
გამარტივდა ადმინისტრაციული სისტემის, ასევე ვებგვერდის სხვადასხვა განყოფილებების
ნახვა და მართვა. განახლების პროცესი, სამწუხაროდ გაჭიანურდა, მაგრამ, ვფიქრობთ, იგი
ძალიან მალე დასრულდება და ხელს შეუწყობს როგორც საკუთრივ საიტის პოპულარიზაციას, ისე უმაღლესი საბჭოსა და მისი საქმიანობის ცნობადობის
გაზრდას, განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
მიმართვის დასასრულს, ჯემალ
გამახარია კიდევ ერთხელ შეეხო უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობას. მისი თქმით, საქმიანობის
ეფექტიანობა, დიდად არის დამოკიდებული სწორედ აპარატის გამართულ მუშაობაზე. ერთი თვის
წინ განხორციელდა და, ალბათ, მარტშიც განხორციელდება სათანადო ზომები, რომლებიც უკავშირდება
ცვლილებებს საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“. ცვლილებებმა კანონში
ხელი უნდა შეუწყონ საჯარო სამსახურში კადრების განახლებას, პროფესიონალების მოზიდვას,
მათი პასუხისმგებლობის ამაღლებას, შრომითი დისციპლინის განმტკიცებას.
ჯემალ გამახარიას განმარტებით,
განვლილი 2024 წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკავებული
იყო უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით, რომლებიც მიმართულია
შერიგების პოლიტიკის გააქტიურებისკენ, აფხაზეთის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი
გზით მოგვარებისკენ.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ
რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოხსენების სრული ვერსია იხილეთ აქ: ჯემალ გამახარიას მოხსენება - 04.02.2025