ნუგზარ მგალობლიშვილი - ქართული კულტურის ამაგდარი

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, საინტერესო ბიოგრაფიით და შემოქმედებითი მოღვაწეობით განსაკუთრებულად გამორჩეულ აფხაზეთის რამდენიმე მკვიდრს ქართული კულტურის ამაგდარის დიპლომი გადაეცა.

 

ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ცნობილ მხატვარს, საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საბჭოთა პერიოდში აღიარებულ დისიდენტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერს ნუგზარ მგალობლიშვილს.


კულტურის ამაგდარის საამაყო ტიტული ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილს მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისათვის მიენიჭა. მას აქვს შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, მჭედლური და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა სახის ნამუშევრები. ის წარმატებით მუშაობს სცენოგრაფიაშიც. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ნუგზარ მგალობლიშვილის მიერ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ასახვა არა ერთ მხატვრულ ტილოზე. ამასთან, ნუგზარ მგალობლიშვილის პიროვნება აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც არის გამორჩეული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ნუგზარ მგალობლიშვილს  კულტურის ამაგდარის წოდების მინიჭებას, წარმატებებს უსურვებს, როგორც კულტურის სფეროში, ისე კანონშემოქმედებით მოღვაწეობაში; და რაც ყველა ქართველის სანუკვარი ოცნებაა, მალე გაემდიდრებინოს ქართული ხელოვნების საგანძური აფხაზეთში დაბრუნების, საქართველოს გაერთიანების ამსახველი ნამუშევრით.



















































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions