აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება

 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ დღეს - 22 ნოემბერს -  მოახდინა „2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის შესახებ“  მოსკოვსა და სოხუმს შორის მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გაფორმებული ე. წ. შეთანხმების რატიფიკაცია. „პროგრამა“, რომლის რეალიზაციაში ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად რატიფიცირებული „შეთანხმება“,  აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ 2021 წლის 15 დეკემბერს არის დამტკიცებული. ამა წლის 4 აგვისტოს „შეთანხმების“ მიხედვით, „რატიფაკაციის“ პროცედურის ჩატარება  აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტსაც მოუწევს.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ „რატიფიფირებულ“ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან და წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიისკენ კრემლის მიერ გადაგმულ მორიგ სახიფათო ნაბიჯს. საქმე იმაში გახლავთ, რომ 4 აგვისტოს „შეთანხმებაში“ ჩადებულია აფხაზური მხარის ვალდებულებაც, რომლის შესრულება წარმოადგენს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ გავითარებაში რუსეთის მიერ ფინანსური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენის აუცილებელ წინაპირობას. ეს არის 2020 წლის 12 ნოემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტის - „აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამის“ ყველა 45 პუნქტის შესრულება. ამ ე. წ. პროგრამის შესრულება კი გამოიწვევს რუსეთის სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის მოქცევას. გარდა ამისა, მოსკოვის ვითომ ხელშეწყობით აშენებული ან აღდგენილი ობიექტების უმეტესი ნაწილი მისსავე საკუთრებაში გადავა. პირველ რიგში, ეს ეხება ენერგოსექტორს, აეროპორტს და სხვა მსხვილ ობიექტებს, რომელთა ხელში ჩაგდებას დიდი ხანია ცდილობს რუსული მხარე.

მკაცრად ვგმობთ რა რუსეთის ფედერაციის ანექსიონისტურ პოლიტიკას, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამ დღეებში მიიღებს სპეციალურ დადგენილებას მოსკოვსა და სოხუმს შორის 2022 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული და შემდგომში „რატიფიცირებული“ უკანონო შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე. იმავდროულად მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს დაგმონ მცოცავი ანექსიის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის აფხაზეთის მიმართ.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions