შოთა ხეცურიანი: “სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“

 


(საკითხის დასმის სახით)

 

ცნობილია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, საბჭოთა წყობილების პირობებში განხორციელებული მასობრივი კოლექტივიზაციის დროს, ადგილობრივი ბუნებრივ - ეკონომიკური, გნებავთ ეროვნული თავისებურებებისა და ადათ-წესების და სხვა სოციალური პირობების სრული უგულებელყოფის პირობებში განხორციებულმა მასობრივმა კოლექტივიზაციის პროცესმა ფაქტობრივად, სრულიად დაამახინჯა კოოპერაციის პრინციპები.

 

დღევანდელ პირობებში, როდესაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, უპირველეს ყოვლისა საქართველომ თავი დააღწია საბჭოეთის სისტემას და ფაქტიურად ჩამოყალიბდა  როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, განახორციელდა მიწების და მატერიალური ფასეულობების პრივატიზაცია, დამკვიდრა კერძო საკუთრება, თუმცა გლეხობა აღმოჩნდა მიწასთან პირისპირ. მას არ გააჩნია ამ ეტაპზე არსებული მძლავრი სასოფლო - სამურნეო ტექნიკის და სხვა სერვისის ხელმისაწვდომობის საკმარისი დონე. ამასთანავე, არ გააჩნია მიწის ფართობების შეძენის შესაძლებლობა მსგავსად მსხვილი ფერმერული მეურნეობებისა, ამდენად ჩვენი აზრით, დღის წესრიგში დგება ჯერ კიდევ წვრილი გლეხური მეურნეობების კოოპერირების საკითხი.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის იდეის საფუძვლები უაღრესად მარტივია:

 

გლეხური მეურნეობის ბუნებას ყურადღებით თუ დააკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მთელი რიგი აგროქეტნიკური პროცესების განხორციელების დროს ერთობლივი შრომა საკმაოდ მომგებიანია. ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება ერთობლივი ენერგია, რომლის სიდიდე (სიმძალვრე) ბევრად აღემატება თითოეულ კოოპერირებულთა შესაძლებლობის მათემატიკურ ჯამს. ცნობილია ისიც, რომ სოფლის მეურნეობაში ზოგიერთ სამუშაოსა და მით უმეტეს, საწარმოო პროცესის დროს, ერთობლივი შრომა არა მხოლოდ უბრალოდ, მომგებიანი, და ეფექტურია, არამედ, ერთობლივი მოქმედების გარეშე საერთოდ ვერ განხორციელდება საჭირო ღონისძიებები.

 

ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოოპერირების დროს სულაც არ ილახება თითოეული მონაწილისა და თვით გლეხური - ოჯახური მეურნეობის ინტერესები.

 

საქართველოში ასეთი ერთობლივი ხასიათის შრომის პროცესი ისტორიულად ოდითგანვე ცნობილი იყო, ეს პროცესი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ფორმითაც არსებობდა. ზოგან მას - ნადურს ეძახდნენ, ზოგან - საზიარო მიწებსა და ა.შ.

 

თუ მავანსა და მავას კოოპერაცია რაიმე ფორმით კოლექტივიზაციისაკენ თვალის მისაპყრობად მიაჩნია, ეს არა მგონია სწორი იყო. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული ტრადიციების იმ ფორმით აღდგენა, რომელიც სრულად შეესაბამება ქართველი კაცის ბუნებასა და ადათჩვევებს. ისტორიულად კოოპერირება კოლმეურნეობების  შექმნამდე არსებობდა.

 

თუ დღევანდელი თვალსაზრისით განვიხილავთ ამ საკითხს, გასაგები ხდება, რომ საკმაოდ მძლავრი ტრაქტორები, კომბაინები და სხვა მრავალი სახის სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი გამოჩნდა განსაკუთრებით, ამ ბოლო ხანებში, ეფექტურია მხოლოდ მსხვილ მეურნეობებში... ამ ეტაპზე კი მცირე ზომის გლეხური მეურნეობებისათვის აუცილებელია კოოპერირების პროცესი.

 

სოფლად შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი კოოპერატივებიც, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავებულნი სასოფლო - სამურნეო წარმოების პროცესით, თუმცა უზრუნველყოფენ ამ დარგში პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ანუ, დღევანდელი ტექნოლოგიის შესაბამისად, დაკავებულნი არიან სერვისული მომსახურებით. კერძოდ, უზრუნველყოფენ  საჭირო რესურსებით გლეხური მეურნეობების საჭიროების შესაბამისი სამუშაოების, პროდუქციის გასაღებისა (რეალიზაციისა), საბინაო - კომუნალური და სხვა მომსახურეობის სამუშაოების შესრულებას.

 

უაღრესად ყურადსაღებია აღნიშნული საკითხი იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილ მოსახელობასთან მიმართებაში. განსაკუთრებით კომპაქტურად განსახლებულთათვის, რომლებსაც შესაძებლობის ფარგლებში, ერთობლივად შეუძლიათ დაამუშაონ მათზე გადაცემული მიწის ნაკვეთები. ასევე შეიძლება მათდამი მომსახურების გაწევა სხვადასხვა ფორმით, პროდუქციის გაყიდვის და სხვა სახით, თუნდაც ინფორამციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, (მარკეტინგული მომსახურეობით) და სხვა სახით.

 

საკითხისადმი აღნიშნული პრინციპით მიდგომა განპირობებულია იმითაც, რომ ყოფილ საბჭოთა მეურნეობების, ან თუნდაც კოლმეურნეობების ბაზაზე გაშენებული მრავალწლიანი კულტურების პლანტაციების დამუშავებისათვის ხელსაყრელია გლეხობის ერთობლივი საქმიანობა, ვიდრე ჩამოყალიბდება მძლავრი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობები მასობრივად ანუ, ასეთი პრინციპით სვლა სავსებით უზრუნველყოფს დღევანდელობისათვის შესაფერისი, ადაპტური აგროეკონომიკური პრინციპების განხორციელებას.

 

ცნობილია ისიც, რომ ინდუსტრიულ კაპიტალისტურ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში კოოპერაცია აღმოცენდა წვრილი ფერმერული მეურნეობების ეკონომიკური არადმდგრადობისა და მეცნიერულ - ტექნიკური პროგრესის სწრაფმზარდი მოთხოვნებისადმი მათი მეტად შეზღუდული შესაძებლობების პირობებში.

 

ასეთ ვითარებაში ფერმერები  ირჩევენ განვითარების გზას, არა მხოლოდ მიმოქცევის არამედ, უშუალოდ წარმოების სფეროშიც. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში იყენებენ კოოპერაციის მარტივ ფორმას, (5-10) გლეხური მეურნეობის გაერთიანების სახით.

 

აშშ-ში აგრობიზნესის სისტემაში ფუნქციონირებს გამსაღებელი და მომმარაგებელი  კოოპერატივები. უფრო მეტიც, თითოეული ფერმერი რამოდენიმე კოოპერატივშია გაერთიანებული. ერთი სიტყვით აგრობიზნესის სისტემაში საკმაოდ ძლიერია კოლექტიური საწყისები. ეს კი წვრილ და საშუალო ზომის ფერმერებს იცავს კონკურენციისაგან.

 

კოოპერაციული საწარმოები წარმატებით ფუნქციონირებენ ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში და სხვა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.

 

კოოპერაციული საწარმოების შექმნის ინიციატორები და ორგანიზატორები უნდა გახდნენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც უფრო ახლოს არიან იმ პირობებთან, რაც განაპირობებს ადგილობრივი ბუნებრივ - კლიმატურ და გნებავთ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისი პირობების მიხედვით კოოპერირების პრინციპებით განხორციელებას.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა ფორმით კოოპერირება ჩვენში ფაქტობრივად უკვე ხორციელდება თუმცა, რატომღაც მისი ლეგალიზება არ ხდება. პირიქით, საჭიროა ეს პროცესი უფრო ღიად, მე ვიტყოდი აქტიურად და შემოქმედებითად განხორციელდეს და შესაბამისობაში უნდა იქნას მისადაგებული დღევანდელი ვითარებისადმი. უფრო მეტიც ასეთ დროს ხელი უნდა შევაშველოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით  რაიმე სიახლეებს განახორციელებს.

 

იმედია, ამ მოსაზრებას გაიზიარებს  გლეხობა,  მათ შორის საკუთარი მკვიდრი სამოსახლო ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები და ამ გზით წარმატებები კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მრავალგვაროვან სოფლის მეურნეობაში.

 

 

 

შოთა ხეცურიანი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი



ბეჭდვა
თავმჯდომარე
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ფოტოგალერეა
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions