საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამი წელიც არ იყო გასული, რომ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში1921 წლის 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად სიცოცხლე გაწირეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.