აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ და აფხაზეთის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და აფხაზეთის გაერთიანებულმა პროფესიულმა კავშირმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით `მრგვალი მაგიდა” მოაწყო. შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.

 

`მრგვალი მაგიდის” მსჯელობის თემა გახლდათ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიღწევებისა და პრობლემების განხილვა და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესში. მოწვეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორებმა თეიმურაზ პაპასქირმა და კახა კვაშილავამ, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა ყურუამ, სოხუმის უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორმა, ჟურნალისტმა რობერტ მესხმა, რეჟისორმა ბადრი წერედიანმა, სოხუმის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ელიკო ბენდელიანმა და სხვა მონაწილეებმა აფხაზეთის პრობლემატიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საინტერესო მოსაზრებები და საკუთარი ხედვები გააცნეს შეკრებილ საზოგადოებას.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს მესვეურებმა განაცხადეს, მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესში მათი უფრო აქტიური ჩართვაა.

 


`მრგვალი მაგიდის” გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებისაგან შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც უმაღლესი საბჭოს წინაშე დააყენებს ახალგაზრდულ წრეებში ინიცირებულ და პრიორიტეტულად მოაზრებულ საკითხებს პოლიტიკური თუ სოციალური სფეროდან. შეხვედრის მონაწილეთა განმარტებით ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს პოზიტიური შედეგების დაჩქარებას. ამასთან, მხარი დაუჭირეს წინადადებას მსგავსი ღონისძიებების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ერთობლივად ჩატარებას.



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახური
ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions