22 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ვ. არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა ახალგაზრდული კონფერენცია „ჩვენი აფხაზეთი“.
ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მოწვეული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენცია წარმოადგენდა აფხაზეთის განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელ ეტაპს, რომელიც საქართველოს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ მიხედვით. ამ პროექტის მიზანი იყო თბილისში შერჩეული 15 საჯარო სკოლის მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიაზაცია და მათ შესახებ ცოდნის გარღმავება.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის თემა ვერ ჰგუობს ისტორიის ზედაპირულ ცოდნას, აუცილებელია მისი აქტუალიზაცია და ცნობიერების ამაღლება ახალ თაობებში: - ცხადია, საერთაშორისო სამართლის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სადავო ტერიტორიის ისტორიული კუთვნილების საკითხს ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ 1992-93 წლებში იყო არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ რუსეთ-საქართველოს ომი, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის რეგულარული არმია, ავიაცია, ფლოტი, მოხალისეები- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.
მოხსენებით გამოვიდნენ პროექტში მონაწილე სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს აფხაზეთის განათლების სამინისტროს სერთიფიკატები და სასაჩუქრე წიგნები გადაეცათ.