აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების აუცილებლობა ბოლო დროს აქტუალური გახდა.

 

დღეს ამ მიმართულებით მუშაობა წარმატებით დასრულდა  და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა - ჯემალ გამახარიამ და დავით გაბაიძემ ხელი მოაწერეს ოთხი მუხლისაგან შემდგარ დოკუმენტს, რომელიც ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის  გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთთან კოორდინაციითა და რესურსების ურთიერთგაცვლით საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სხდომები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში მცხოვრები დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, ორ საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობებს სხვა დატვირთვაც აქვს, ვინაიდან აჭარა, სადაც არა მხოლოდ დევნილები, არამედ საუკუნენახევარზე მეტია ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები, მაგალითია იმ ძმური ურთიერთობებისა, რომლებიც ტრადიციული იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის: „აქ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები. საუკუნენახევარის  განმავლობაში არ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა რაიმე კონფლიქტისა თუ უკმაყოფილებისა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ბრწინვალე მაგალითი იმისა, რომ ამ ორ ეთნოსს შორის არანაირი პრობლემა და ეთნიკური ხასიათის არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა, არ არსებობს და არც შეიძლება იარსებოს. მაშინ ისმის კითხვა, რა ხდება ენგურს გაღმა, რატომ არის იქ  პრობლემები? ოკუპირებულ აფხაზეთში იმიტომაც არის პრობლემები, რომ ის ტერიტორია დღეს არ ეკუთვნის არც აფხაზებს და არც ქართველებს და ჩვენს შორის კონფლიქტიც არის ოკუპანტის პოლიტიკის შედეგი“.



მემორანდუმის მომზადების აქტიური მონაწილის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით, "მემორანდუმის გაფორმება ერთნაირი სტატუსის ავტონომიური რესპუბლიკებს შორის არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის შიგნით უმთავრესი პარტნიორი, რომელთანაც ადრეც გვიწევდა ძალიან ბევრ საკითხზე თანამშრომლობა და მომავალშიც ეს შეთანხმება კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. ვაპირებთ სერიოზულ მუშაობას დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური და სოციალური დაცულობის კონტექსტში კონკრეტული ინოვაციების დანერგვით, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ".

ამასთან, ჯემალ გამახარიას განცხადებით, მემორანდუმის ცალკეული პუნქტების შესრულება ხელს შეუწყობს ბათუმში და მთლიანად აჭარის რეგიონში განსახლებულ დევნილთა პრობლემების მიზანმიმართულ დარეგულირებას.



ჯემალ გამახარიამ შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.  

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მომავალ შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

 









ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions