უმისამართო აურზაურის პასუხად

დღეს, 3 ოქტომბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის მიმდინარეობის პერიოდში უმაღლესი საბჭოს სპიკერატთან და დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით მისაღებში გამოცხადდა დევნილი საზოგადოების წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი, რომლებმაც ფეისბუკ გვერდზე გაავრცელეს ჩართვა, თითქოს მათ მიღებაზე უმაღლესი საბჭო უარს ამბობდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა, დევნილთა ჯგუფს მისაღებშივე შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს სპიკერატისა და აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც მათივე გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანან და შეატყობინეს მოსულ სტუმრებს, რომ პლენარულ სხდომას ვერ შეწყვეტდნენ, მაგრამ მისი დამთავრებისთანავე მიიღებდნენ. რამდენიმე პირმა სხდომაზე თვითნებურად, ძალადობრივად, მუქარითა და გინებით შეჭრა გადაწყვიტა, რაც დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა აღკვეთეს. როგორც ჩანს, ამას მოჰყვა მცირედი გაუგებრობა და უწმაწური შელაპარაკება.

პლენარული სხდომის დასრულებისთანავე ეს შეხვედრა მართლაც შედგა და საკმაოდ კონსტრუქციულადაც წარიმართა, თუმცა საკითხი, რომელიც მათ დააყენეს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული დეპუტატების არჩევნები თბილისში - საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცილდება.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions