ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის

23 ოქტობერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს საკრებულოს წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატი თემურ მჟავია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში ზაზა ჩაჩავა და მოადგილე ნათია კოპალიანი. დასკვნით ეტაპზე ღონისძიებას შემოუერთდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პაატა ახალაძის სიტყვებით, მისასალმებელია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა, რაც მუშაობას უფრო ქმედითსა და სრულყოფილს გახდის. „ჩვენ უნდა გავეცნოთ ყველა ადამიანის პრობლემას, უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში და თითოეულ დევნილს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დევნილს აწუხებს, ესაა საცხოვრებელი ფართის დღემდე მოუგვარებლობა. წყალტუბო მაქსიმუმს აკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. 2020 წლისთვის  იგეგმება 560 ოჯახის დაკმაყოფილება. იმედი გვაქვს,  ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით ამ კუთხით მუშაობა აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს“ - აღნიშნა პაატა ახალაძემ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ურთიერთთანამშრომლობის  დოკუმენტი ფაქტობრივად წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელებაც ხვალიდან იწყება: - „არის დევნილთა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია აფხაზეთის ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალების კოორდინირებული მუშაობითა და რესურსების ერთობლივი გამოყენებით, რაც კონკრეტული ადამიანის კონკრეტული პრობლემის მოგვარების საშუალებას მოგვცემს.“


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელიც მემორანდუმის მომზადების პროცესის აქტიური მონაწილეა,   ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითად მიმართულებად მიიჩნევს ზოგადიდან კონკრეტულზე გადასვლას, კერძოდ თითოეული დევნილის კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობას - „მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არის მაქსიმალური მზაობა თანადგომისა და თანამშრომლობისთვის. ეს იქნება ახალი მუხტი, ახლებური ბიძგი დევნილთა პრობლემებზე მუშაობაში“ - აღნიშნა თ.ხუბუამ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.















































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions