აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივას "პოპულისტურს და ხმებზე ნადირობის მცდელობას" უწოდებენ


საკანონმდებლო ინიციატივას, რომელის მიხედვითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, "პოპულისტურსა და დევნილთა ხმებზე ნადირობის" მცდელობას უწოდებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

 

ცნობისთვის, საკამათო ინიციატივა პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „აფხაზთა კრებას“ ეკუთვნით.

„ევროპული საქართველომ” კანონპროექტი მიმდინარე წლის 4 ნოემბერს უკვე დაარეგისტრირა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება და პროპორციული საარჩევნო სისტემით უმაღლესი საბჭოს 30 წევრს აირჩევენ.


რაც შეეხება პირებს, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ცვლილებებით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს.

აღნიშნულ ინიციატივას არ იზიარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ზურაბ ჯგუბურია, რომელიც "ნიუპოსტთან" აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (შემდგომში - დევნილთა) წარმომადგენლობითი ორგანოს (დევნილთა საბჭოს) არჩევნების, მისი როლისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს:

"ომის შემდგომი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ არის პირდაპირი პოლიტიკური პროექტი, საზოგადოების ერთიანი პოლიტიკური ნების გამოხატვის თემა - ის იყო და რჩება როგორც ქვეყნის პოლიტიკური წრეების ფართო კონსენსუსის შედეგი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და აპრობირებული მოვლენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობა უპირატესად სამართებლივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის იმავდროულად არის ამ საკითხზე საერთო - ეროვნული თანხმობის გამოვლინება და მისი პირველადობის ნებისმიერი სახით ტრანსფორმაცია (მოდერნიზაცია) მხოლოდ ქვეყნის უმთავრესმა პოლიტიკურმა ორგანომ, პარლამენტმა, შეიძლება განიხილოს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის კონტრასიგნაციისა და ფართო საზოგადოებრივი „ეროვნული თანხმობის“ გამოვლენის შემდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის (საზოგადოების) წარმომადგენელთა სრულმასშტაბიანი და გაფართოებული უფლებებით მონაწილეობის უზრუნველყოფა ნამდვილად ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობის გახსნილობას და გამჭირვალობას, მეტ სტიმულს შესძენს დევნილი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ამაღლებას და ასევე, უფრო მაღალი ლეგიტიმურობის ხარისხს მიანიჭებს ამ ორგანოების ქმედებებს და ხელს შეუწყობს მათი საჯაროობის უზრუნველყოფას"- აცხადებს ზურაბ ჯგუბურია.


მისივე განცხადებით: "1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო სახელმწიფო საარჩევნო ორგანოების (საქართველოს, ცსკო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უსკო) მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით - სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებების გამოყოფის გზით, სრულიად შესაძლებლად მიგვაჩნია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლობითი ერთიანი, ცენტრალური საბჭოს (რეგიონალური საბჭოების გაერთიანება) არჩევნების ღია და პირდაპირი წესით ჩატარება:

- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (11 რეგიონში) დღევანდელი მონაცემებით განსახლებულია 239 830 აფხაზეთიდან დევნილი (2018 წლის მონაცემებით);

- არჩევნები ჩატარდება ერთდროულად ყველა რეგიონში მხოლოდ პროპორციულ-რეგიონალური საარჩევნო სიებით, ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული საარჩევნო წესების შესაბამისად;

- დევნილი მოსახლეობის (ამომრჩევლების) განსახლების საერთო რაოდენობიდან და არსებული პროპორციებიდან გამომდინარე განისაზღვრება დევნილთა ცენტრალური საბჭოს რაოდენობა 25 (ოცდახუთი) ხმოსნის (წარმომადგენლის) რაოდენობით:

I. 1 (ერთი) ხმოსანი საერთო 10000 (ათი ათას)-მდე დევნილზე. მ.შ.:

- ქ.თბილისი - მცხეთა - მთიანეთი - 10 ხმოსანი

- ქვემო ქართლი - კახეთი - 1 ხმოსანი

- შიდა ქართლი - სამცხე-ჯავახეთი - 1 ხმოსანი

- სამეგრელო - ზემო -სვანეთი - 9 ხმოსანი

- იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვ.სვანეთი - 3 ხმოსანი

- აჭარა - გურია - 1 ხმოსანი

სულ : 25 ხმოსანი

II. აფხაზეთიდან დევნილთა არჩეული წარმომადგენლები (ხმოსნები) ერთიანდებიან ხმოსანთა ცენტრალურ საბჭოში და ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც კანდიდატურაც არსებული წესით წარედგინება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად.

III. აფხაზეთიდან დევნილთა ძირითადი განსახლების და დეოკუპაციის პროცესის პოლიტიკურად მნიშვნელოვან ცენტრებში: ქ.თბილისში (ქ.თბილისი, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიგა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის რეგიონები), ქ.ქუთაისში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონები) და ქ.ზუგდიდში (სამეგრელო -ზემო სვანეთის, გურიის რეგიონები, აჭარის ა/რ) შეიქმნება დევნილ ხმოსანთა რეგიონალური საბჭოები, რომელთა პერსონალური შემადგენლობა პირდაპირი წესით (რიგითობით) დააკომპლექტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებს არჩევნებზე ხმოსნების მიერ მიღებული შედეგების პირდაპირპროპორციულად.

IV. გათვალისწინებულ იქნას, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ლეგიტიმურობა განპირობებულია აფხაზეთში 1991 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, რომლის შემდგომი დადასტურება მოხდა საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის #662, 1995 წლის 14 ივნისის #759 და 1996 წლის 25 დეკემბრის #543 დადგენილებებით"- აღნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ზურაბ ჯგუბურია.

https://www.newposts.ge/?l=G&id=217971-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D,%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions