აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო და სოხუმის უნივერსიტეტი 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენებისადმი მიძღვნილ ერთობლივ ღონისძიებას ჩაატარებენ

18 წლის წინ, 1993 წლის 16 მარტს, გვიან ღამით დაიწყო რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა.

რუსეთის ფედერაციის მოიერიშე თვითმფრინავების მიერ იბომბებოდა როგორც ქართული მხარის პოზიციები, ისე მშვიდობიანი ქალაქი. მდინარე გუმისთაზე სისხლისმღვრებლი ბრძოლები მიმდინარეობდა.

რუსეთის გენერალურ შტაბში დარწმუნებული იყვნენ, რომ წინასწარ სერიოზულად მომზადებულ შემოტევას ქართული მხარე ვერ გაუმკლავდებოდა და სოხუმი დაეცემოდა, მაგრამ მოხდა პირიქით.

ქ. სოხუმის დაცვის დროს ქართველმა ჯარისკაცემბა, არტილერიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს, ხოლო 1993 წლის 16 მარტს გამთენიისას კონტრშეტევაზე გადავიდნენ. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე ასობით დაღუპული მებრძოლი დატოვა, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა რუსი სამხედროები იყვნენ. მსხვერპლი იყო სეპარატისტთა შორისაც. მარტის იმ დღეებში მტრის მოგერიებას და ერთიანი საქართველოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.


ამასთან დაკავშირებით, 2011 წლის 16 მარტს, 11 საათზე, გმირთა მოედანზე სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ომის ვეტერანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ, ხოლო 12 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით სოხუმის უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატური კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა გაუძღვება. კონფერენციაზე ნაჩვენები იქნება 16-17 მარტის ბრძოლების ამსახველი ვიდეომასალა.


უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions