ეგვიპტის საშობაო გამოფენაზე საქართველო აფხაზეთმა წარმოადგინა

რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ევროპულ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოს წარმოადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციასთან ერთად ღონისძიებაზე მივლინებული იყო უამაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია.

 

თეიმურაზ მჟავიას განცხადებით, საქართველოსთვის განკუთვნილი საგამოფენო სივრცე დაკომპლექტებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის  მიერ და წარმოდგენილი იყო ის სამეწარმეო ექსპონატები, რომელიც შექმნილი იყო ძირითადად დევნილი ბიზნეს-სუბიექტების მეშვეობით, რომელთა უმრავლესობამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა  მრავალრიცხოვან მნახველთა შორის.

საქართველოს პავილიონს  მასპინძლობდა ეგვიპტეში საქართველოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი, რომელიც დაინტერესებულ  საზოგადოებას აფხაზეთს აცნობდა როგორც საქართველოს სახელმწიფოს  ტერიტორიულ ერთეულს და ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ  მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული  ოკუპაციისა და აქედან გამომდინარე უამრავი პრობლემისა,  აფხაზეთის დევნილი საზოგადოება  აქტიურ მონაწილეობას იღებს  სამოქალაქო ცხოვრებაში, რომლის დამადასტურებელ ფაქტს აღნიშნული გამოფენა თვალსაჩინოდ წარმოადგენდა. საქართველოს საგამოფენო პავილიონი მოინახულა გამოფენაში მონაწილე სახელმწიფოთა თითქმის ყველა ელჩმა და დელეგაციებმა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც.

საქართველოს საექსპოზიციო სივრცე დიდი  ყურადღებით დაათვალიერა ეგვიპტეში აფხაზური დიასპორის ორმა ცნობილმა წარმომადგენელმა სოლიმან აბაზამ მეუღლითურთ და ჰუსეინ აბაზამ, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობენ როგორც თანამემამულეებში, ასევე ეგვიპტის საზოგადოებრივ და საქმიან წრეებში. მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

გადაწყვეტილება საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე საქართველო წარმოედგინა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული არჩევანი.

მომდევნო დღეს „ალ-აზჰარის“ კომპლექსში გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილული იყო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად სრული შემადგენლობით ესწრებოდა. საინტერესო და მიზნობრივი კონტექსტით დატვირთული იყო  დელეგაციის წევრების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის დავით ფაცაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის დავით რაფავას და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თეიმურაზ მჟავიას სიტყვები.

ეგვიპტეში შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ქ.კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, რომელსაც არაბული სამყაროს საქმიან წრეების გავლენიანი წარმომადგენლები მასპინძლობდნენ: კაიროს სავაჭრო - სამრეწველო  პალატის თავმჯდომარე, ეგვიპტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფედერაციის თავმჯდომარე; არაბთა ლიგის ქვეყნების სავაჭრო- სამრეწველო პალატების ვიცე-თავმჯდომარე, ხოლო ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს  ეკონომიკური ატაშე  გოჩა კერესელიძე. მან მოკლედ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს  საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, ხაზი გაუსვარა რა იმ უაღრესად მნიშვნელოვან გარემოებას,  რომ საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ შედის მსოფლიოს სახელმწიფოთა ხუთეულში, ხოლო შემდგომ მან მასპინძლებს წარუდგინა აფხაზეთის დელეგაცია.

საქართველოს საეჩოსთან ერთობლივად დაიგეგმა სამომავლო საქმიანი ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე ეგვიპტეში.

p.s. ვინაიდან ვიზიტი ეგვიპტეში მრავალმხრივი დატვირთვის მატარებელი აღმოჩნდა, აქვე ქვეყნდება „ალ-აზჰარის“ კომპლექსში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თ.მჟავიას სიტყვით გამოსვლის ტექსტი:

 




მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო!


უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი კმაყოფილება და სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ მეძლევა შესაძლებლობა გულახდილად ვესაუბრო ეგვიპტეში მცხოვრებ ჩვენი მოძმე ხალხის შთამომავლებს და გამოვხატო რწმენა, რომ დღევანდელი შეხვედრა შექმნის სრულ საფუძველს ჩვენი შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ამასთან მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

ქართული სახელმწიფოებრივობის დამფუძნებელ აქტორად ქართველ ეთნოსთან ერთად ვაღიარებთ აფხაზ ეთნოსაც და ეს არ არის ფორმალური აღიარება, მისი გამოვლინება უპირველეს ყოვლისა, იქედან ჩანს, რომ აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია როგორც სახელმწიფო ენა. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფებით აფხაზური ენის გავრცელების არეალში, მუდმივად ვზრუნავთ მის შენარჩუნება - განვითარებაზე, ისევე, როგორც აფხაზურ ეთნოკულტურაზე. ამ მიზნით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (დევნილობაში) შექმნილია აფხაზთმცდონეობის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სწავლობს ყველა იმ  საკითხს, რაც პირდაპირად თუ ირიბად სწორედ აფხაზური ენისა და ეთნოკულტურის თემასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ჩვენს დევნილ ხელისუფლებაში ფუნქციონირებს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით დაფუძნებული სულიერებისა და კულტურის ცენტრი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც პროპაგანდას უწევს აფხაზურ ლიტარეატურას, ფოლკლორს; აწყობს აფხაზური კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების შემოქმედებით საღამოებს. გაგვაჩნია მჭიდრო ურთიერთობები აფხაზური ეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცხოვრობენ  აფხაზეთის ტერიტორიის მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რომელიც გენოციდის ელემენტებს შეიცავდა, და მოიცვა იქ მცხოვრებ ქართველთა თითქმის სრული რაოდენობა, დევნილ საზოგადოებაში აფხაზი მოსახლეობის მიმართ არ არის მტრული დამოკიდებულება, უფრო მეტიც, იგი ესწრაფვის რაც შეიძლება მალე გადაილახოს გაუცხოების ზღუდეები და განხორციელდეს სრულმასშტაბიანი შერიგება. ამ საკითხებზეა ორიენტირებული დევნილი ხელისუფლების ერთ- ერთი სამინისტრო, რომელსაც ეწოდება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.

აღნიშვნას იმსახურებს უსათუოდ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხვორები ეთნიკური აფხაზების სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის დიაგნოსტიკურ კვლევებს, ოპერაციულ მკურნალობას და მრავალ სხვა სერვისს. გარდა ამისა, აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლები სრულყოფილად სარგებლობენ სხვადასხვა თემატური სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით - C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, ონკოლოგიური დაავადებების მიმართულებით. აქ მნიშვენლოვანია ის გარემოება, რომ ზემოთმითითებული ყველა პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულ დარგში მომსახურება  გაეწია რამდენიმე ათას ეთნიკურ აფხაზს.

ურთიერთდაახლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროებში ფუნქციონირებადი პროგრამები ეკონომიკის, განათლების, გარემოსდაცვითი და სხვა მმართულებით.

ჩვენ ამით გვსურს დავადასტუროთ, რომ ზრუნვა აფხაზურ ეთნოსზე არა მხოლოდ ეპიზოდური და კონიუქტურაზე გათვლილი მოქმედებებია ჩვენის მხრიდან, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, არამედ შინაგანი მოთხოვნილებაც, რაშიც რწმუნდება როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე აფხაზური ეთნიკური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დღეს, როდესაც აფხაზური ეთნოსი, რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად დადგა მრავალი გამოწვევის წინაშე, მათ შორის მშობლიური ენის შენარჩუნების, დემოგრაფიული სიტუაციის კატასტროფული გაუარესების, სოციალური ყოფის უკიდურესად დამძიმებისა და სხვათა წინაშე, გამოვხატავთ მზადყოფნას გვერდში დავუდგეთ ჩვენს დებსა და ძმებს და ერთობლივი ძალისხმევით გადავარჩინოთ ერთმანეთი.

ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ აფხაზი ეთნოსის გადარჩენა და შემდგომი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
თემურ მჟავია

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions