უკრაინული დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თბილისში ოფიციალურ ვიზიტადმყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

სტუმრებს უმასპინძლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ უფლებადამცველი ნარიმან უსტაევი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოლპაკი.


შეხვედრისთანავე ხაზი გაესვა, რომ ოფიციალური საუბარი ოკუპანტის ენაზე არ გაიმართებოდა, ამიტომაც თარჯიმნობა ქართული და უკრაინული ენის უბადლო მცოდნემ ტატიანა სიდორუკმა გასწია.

სტუმარ-მასპინძლებმა თავდაპირველად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინაში ოკუპანტთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

ორივე რესპუბლიკაში იდენტური სიტუაციების, ადამიანის უფლებათა შელახვის, ქონებრივი, საკუთრების უფლების დარღვევის, ოკუპაციის, სტრატეგიული ინტერესების, გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისათვის მიზანმიმართული საქმიანობის ერთობლივად წარმოებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ბატონმა თამაზ ხუბუამ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით იურისტთა ჯგუფი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ ანალიზს ამზადებს“ და ამ და ოკუპაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სამუშაოდ ამჯერად მივლინებით უცხოეთში იმყოფება. დაისვა საკითხი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისთან მემორანდუმის გაფორმების თაობაზეც.

შეხვედრაში მონაწილე უკრაინის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩმა, თითოეულმა სტუმარმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს ხანგრძლივ, მჭიდრო მეგობრობას და ერთობლივი ბრძოლის, მუხლჩაუხრელი მოღვაწეობის აუცილებლობას ორივე ქვეყნის კონფლიქტის საერთო „რეჟისორის“ წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარი „პიესა“ უნდა რომ დადგას ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყნებში. შეხვედრაზე აღინიშნა რომ უკრაინისა და საქართველოს მიზანმიმართული თანამშრომლობა "სპექტაკლის" ავტორს აუცილებლად გასწირავს ფიასკოსთვის.

დასასრულს მომავალი სამუშაო შეხვედრებიც დაიგეგმა.


https://www.youtube.com/watch?v=Q3s3-7mEw68



















































































































































































 












































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions