აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, რესურსების გაცვლა და ეფექტიანი საქმიანობის ზრდა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტუდენტთა თემატური სტაჟირების გავლის სისტემის ჩამოყალიბება მათი შესაძლო დასაქმების პერსპექტივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე სტუდენტების სოციალური დაცვის ხელშეწყობა, აკადემიურად წარჩინებული ახალგაზრდების წახალისების ფორმების პრაქტიკაში დანერგვა, რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრები და სხვ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ რექტორმა სალომე პირველმა. აღსანიშნავია, რომ „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ რექტორის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ისარგებლებენ სპეციალური პირობებით და აღნიშნულ უნივერსიტეტში ისწავლიან შეღავათიან ფასად. კერძოდ კი, 2250 ლარის ნაცვლად გადაიხდიან მხოლოდ 1700 ლარს.

ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, თავისუფალი აკადემიის პერსონალი და არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილთა ხმის" წარმომადგენლები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გააღრმავებს საქმიან ურთიერთობებს „თბილისის თავისუფალ აკადემიასთან“. დასასრულს, ბატონმა ჯემალმა „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ სახსოვრად გადასცა წიგნები.


წინამდებარე მემორანდუმის მომზადებასა და გაფორმებაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილთა ხმა" და მისი ლიდერი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დევნილთა უფლებების დამცველი ვალერი კატუკია. საგულისხმოა, რომ ამ ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილთა ხმა"-ს შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. 

მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და თბილისის თავისუფალ აკადემიას შორის
https://youtu.be/1pqIKVfZjK0











































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions