აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მიმართვა

აფხაზეთიდან დევნილებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებს

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით

ძვირფასო მეგობრებო!

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მთელი მსოფლიო ებრძვის ადრე უცნობ ე.წ. ახალ კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიას, რომელმაც უკვე ყველა კონტინენტი მოიცვა და  ათი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. უძლიერესი სახელმწიფოებიც კი ჯეროვნად ვერ უმკვლავდებიან სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ გლობალურ გამოწვევას. სამწუხაროდ, ახალმა კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია, თუმცა სახელმწიფოს მიერ დროულად განხორციელებული ენერგიული ზომების წყალობით მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

შექმნილი ვითარება იქცა თავისებურ გამოცდად ქართული სახელმწიფოსათვის. კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებულმა მკაცრმა ზომებმა და, რაც მთავარია, მიღწეულმა შედეგებმა წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფოს მდგრადობა, მისი მთავრობის ეფექტურობა,  ჯანდაცვის სისტემის სრული მზაობა და მთელი სამედიცინო პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი, ქართული საზოგადოების, ქართველი ერის ერთიანობა. სწორედ ეს ერთიანობა, მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება, სოციალური სოლიდარობა გახლავთ კარსმომდგარი საფრთხის დაძლევის, საშიში ეპიდემიის მწვავე ფაზაში შესვლის თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფრო გარანტირებულად დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დღეს, 21 მარტს, საქართველოს მთავრობის წინადადებით პრეზიდენტმა ხელი მოაწერა №1 დეკრეტს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“. დეკრეტი დღესვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ერთი თვის განმავლობაში - 21 აპრილამდე  მოგვიწევს ცხოვრება და საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

შექმნილ ვითარებაში, როდესაც ყველანი ერთად მზარდი გამოწვევის საფრთხის წინაშე ვიმყოფებით, თავს ვალდებულად ვთვლით მოგმართოთ თქვენ, ძვირფასო თანამემამულენო. მოგიწოდებთ,  შეინარჩუნოთ სრული სიმშვიდე, ზედმიწევნით შეასრულოთ როგორც პრეზიდენტის დეკრეტით, ისე მთავრობის განკარგულებებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მოთხოვნები, ჩვენი თავდადებული ექიმების რეკომენდაციები. არ არსებობს პანიკის არანაირი საფუძველი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც ერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების, აუცილებლობის შემთხვევაში კი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც. ქართული სახელმწიფო მზად არის თქვენს დასახმარებლადაც.

დღეს როგორც  არასდროს გვმართებს  სრული ერთიანობა,  სოლიდარობა, ერთმანეთის მხარში დგომა, რისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველდღიური კომუნიკაცია. სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ თუ თითოელი თქვენთაგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მოგვმართოთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ცხელი ხაზის (https://www.facebook.com/აფხაზეთის-უმაღლესი-საბჭოს-ცხელი-ხაზი-101817114739662/), ასევე უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდისა (http://scara.gov.ge) და ფეისბუქის (https://www.facebook.com/JemalGamakharia/) მეშვეობით.

გვიგულეთ თქვენს სამსახურში, იყავით მხნედ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions