ის სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისას მუდმივად ქართულ–აფხაზური ურთიერთობების განუყოფლობის პრინციპით ხელმძღვანელობდა და აფხაზეთში გარედან ინსპირირებული, მეტ–ნაკლებად მძაფრი სეპარატისტული ჭირვეულობების დასაწყისშივე მოგვარებას ახერხებდა, აფხაზთა ისეთ გამორჩეულ პერსონებთან ტანდემში, როგორიც იყო, მაგალითად, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრების ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდად ის წლები მოიაზრება, როცა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის I მდივანი მიხეილ ბღაჟბა იყო, II – კი დამიანე გოგოხია.
დამიანე გოგოხია ნებისმიერი აფხაზის ოჯახის სასურველი სტუმარი იყო, ისევე როგორც მათი შეუდარებელი მასპინძელი მშობლიურ გალის რაიონში.
დასანანია, რომ დღეს, როცა აფხაზთა და ქართველთა შორის შერიგება, ნდობის აღდგენა და ტრადიციული ერთობის მიღწევა ჩვენი მომავლის, იდენტობის შენარჩუნების ერთადერთ გონივრულ გზად რჩება, ჩვენს შორის არ არის დამიანე გოგოხია, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის საოცარი უნარით გამორჩეული მამულიშვილი.
დღეს, ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის ერთგული ქომაგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დამიანე გოგოხიას დაბადების დღეა. დღეს მას 101 წელი შეუსრულდებოდა.