„ჯერ კიდევ აპრილში აფხაზეთში ჩასული იყო შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი. ყირიმიდან ჩაიყვანეს, ვითომ, რაღაც დეზინფექცია ჩაატარეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაშინ აფხაზეთში ოფიციალურად არ იყო გამოვლენული ვირუსი, მაგრამ ეს ადამიანები ჩავიდნენ. მაშინ სერიოზულად შეგვეპარა ეჭვი, რისთვის ჩამოვიდნენ იქ ისინი? რამდენადაც ვიცი, უკან არ წასულან, რას აკეთებენ და, ჟარგონისთვის ბოდიში, რას „ჩალიჩობენ“, არ ვიცი. როცა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ატეხავენ ხოლმე პროპაგანდისტულ კამპანიას, ამ ე.წ. ქვედანაყოფის საქმიანობის შესანიღბად უნდათ ეს. თავად ჩამოიტანეს ბიოლოგიური შეიარაღება და კოვიდთან ბრძოლის საფარქვეშ აფხაზეთის ტერიტორიაზე განათავსეს“, – განაცხადა გამახარიამ.
...
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემაც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ კითხვას, რომელიც ჩვენს სამეზობლოში ისმება, პასუხი ვერ გაეცა – რატომ მოახერხა საქართველომ უკეთესად რეაგირება კორონავირუსის გამოწვევაზე? მხოლოდ საქართველოს ჩატარებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და ქართველი ექიმების სწორ მოქმედებას, მათი ლოგიკით, ვერ უნდა გადაეწყვიტა ეს პრობლემა. საქართველოს ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ ლუგარის ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, უარესად იქნებოდა საქმე. ეი. ლუგარის ლაბორატორია ხდება ისეთი რამ, რამაც საქართველოში პანდემიის დაბალი ინტენსივობა განაპირობა. აქედან გამომდინარე, რა ხდება – ესაა საინტერესო. ანალოგიური ლაბორატორია მეზობელ სომხეთშიცაა, იცით, რა მდგომარეობაშია, სხვაგანაც არის, მაგრამ ყველგან პრობლემებია, საქართველოში კი არა. აფხაზეთში შესული ქიმიური ჯარების უმნიშვნელოვანესი ამოცანა ამ მიზეზის დადგენაა და არა – აფხაზეთში კორონავირუსის პრევენცია. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, სადაზვერვო საქმიანობაზე ორიენტირებული ჯგუფია. ამიტომ არის, რუსები თავგამოდებულები რომ ითხოვენ, ლუგარის ლაბორატორიაში შეგვიშვითო“, – განაცხადა არეშიძემ.
არეშიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფს აფხაზეთის ტერიტორია არ დაუტოვებია.