error
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
ჯემალ გამახარია: „2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“

გაზეთ „ახალი თაობის“კორესპონდენტის გულიკო ბალაძის კითხვებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პასუხობს.   

 

- ბატონო ჯემალ, აგვისტოს თვე ტრაგიკული აღმოჩნდა ქართველებისთვის -1992-93 წლების ომი და 7-8 აგვისტოს ომი, რომელიც კატასტროფით დასრულდა საქართველოსთვის. 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის შედეგია ის, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თბილისშია განთავსებული და ასიათასობით დევნილი გვყავს. დღეს თქვენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბრძანდებით. ამ პოზიციიდან როგორია თქვენი შეფასება, რატომ ვერ შევძელით ასეთი ტრაგიკული მოვლენების თავიდან აცილება?

- დღეს ზუსტად ისე ვაფასებ, როგორც მაშინ, 1992 წლის 14 აგვისტოს. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.


- გავახსენოთ საზოგადოებას, როგორ აფასებთ იმ მოვლენებს?

- 1992 წლის 14 აგვისტოს ომი მოამზადა რუსეთმა და არძინბასა და შევარდნაძის ხელით დაიწყო, რომლის დამადასტურებელი საბუთი არსებობს და რომელზეც ახლა არ ვისაუბრებ. ეს იყო რუსეთის მიერ სპეციალურად გაჩაღებული ომი. ამ ომისთვის სეპარატისტული რეჟიმი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ისევ და ისევ რუსეთის დახმარებითა და წაქეზებით. ჩვენც რუსეთის ანკესს წამოვეგეთ. ეს არის სამწუხარო ფაქტი.


- სხვათა შორის, კიტოვანი, რომელიც აფხაზეთში შევიდა შეიარაღებული ნაწილებით, ახლა მოსკოვშია

- რა თქმა უნდა, კიტოვანი მოსკოვის დავალებას ასრულებდა. ის მოსკოვში კარგად ცხოვრობს. მოსკოვის დავალებით მოხდა ყველაფერი, რაც მოხდა. მოსკოვმა იცის ასეთი ადამიანების დაფასება.


სამწუხაროდ, კიტოვანს ორ ომში მიაღებინეს მონაწილეობა, მაგრამ ახლა ამ ხაზს არ გავყვები. ქართველებს რუსეთის მზაკვრული გეგმის ჩაშლა არ შეგვეძლო? თუ კრემლმა ისეთი სიტუაცია შექმნა, ქვეყანაში ისე აირია სიტუაცია, რომ რუსული გეგმის ტყვეობაში აღმოვჩნდით?

- ომის თავიდან აცილება თეორიულად შესაძლებელი იყო, მაგრამ რეალობაში რამდენად იყო შესაძლებელი, შეიძლება საკამათო საკითხი იყოს. თუ ორივე მხარეს არ სურს მშვიდობა, ომის თავიდან აცილება ძალიან ძნელია, თუმცა მაინც რუსეთის ანკესზე წამოგება იყო მაშინდელი ხელისუფლების შეცდომა.


ანუ, რუსეთი ახერხებს, რომ ჯერ შიგნით ერთიანობა დაგვირღვიოს და შემდეგ შემოგვიტიოს.

- რასაკვირველია. ეს მოვლენების ერთი ჯაჭვია. თბილისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება და აფხაზეთის 14 აგვისტოს განვითარებული მოვლენები ამ ჯაჭვის ორი ბოლოა. ყველაფერი ეს მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ და მას რუსეთი წარმართავდა, რომელიც ე.წ. სამშვიდობო ძალების  სტატუსით იყო ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წლამდე. 2008 წლის შემდეგ ოკუპანტებს ოფიციალურად თავისი სახელი დავარქვით.


თუმცა 1992-93 წლების აფხაზეთის ომმა, მანამდე 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ, მგონი, ვერაფერი გვასწავლა; რა მოგვიტანა 90-იანი წლების ომებმა. კვლავ რატომ წამოვეგეთ ანკესზე 2008 წელს, როდესაც ერთი თოფის გასროლის გარეშე აფხაზეთის მიმართულებით კოდორი, აქეთ კი ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ? რა ვერ გავაანალიზეთ და რა ვერ გავითვალისწინეთ?

- აქ საქმე ის არ არის, გავაანალიზეთ თუ არა. ომის თავიდან აცილებაზე უნდა გვეზრუნა, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ომის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან რუსულმა მხარემ ის წინასწარ დაგეგმა და ყველაფერი წინასწარ შემუშავებული სცენარით განახორციელა. თუ ჩვენ მოვიმოქმედებდით რაღაცას ამ ომის წინააღმდეგ, სხვა სცენარს აამოქმედებდა. ამ ომის თავიდან აცილება იყო ძალიან ძნელი, - ან უნდა დავთანხმებულიყავით ცხინვალისა და აფხაზეთის გამოყოფას, ან რუსეთი თავს დაგვესხმებოდა; ის ამას გააკეთებდა სექტემბერში, ოქტომბერში ან 2009 წლის აგვისტოში.


ახლახან ერთ-ერთ ტელეარხზე გავიდა ინტერვიუ ესტონეთის მაშინდელ პრეზიდენტთან(რომელიც 2008 წლის აგვისტოში სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად თბილისშიც იყო), სადაც მან თქვა, როდესაც სააკაშვილი დამიკავშირდა, რომ რომ რუსეთი ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას, ვუთხარი რომ არაფერი მოემოქმედებინა, აღენუსხა ყველაფერი და დოკუმენტური მასალა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვისგაეროს, ეუთოს, ევროკავშირისთვის გაეგზავნა, თუმცა სააკაშვილმა ეს არ გააკეთა.

- ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ეს ინტერვიუ მეც მოვისმინე. კარგად მახსოვს თქვენთან ჩემი ინტერვიუები 2008-2009 წლებში. მაშინ ვთქვი ის, რაც ეთანადება იმას, რაც ესტონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა. როცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოტევა დაიწყო, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა ჯარი, მაშინ ჩვენ რუსეთის არმიასთან შედარებით სუსტი შენაერთები კი არ უნდა დაგვეპირისპირებინა, არამედ მაშინვე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა უნდა მოგვეთხოვა , რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.


პირიქით, გაეროში რუსეთმა დაგვასწრო ჩივილი. 1992-93 წლებშიც რამდენიმეჯერ შეიძლებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართვა იმ მოტივით, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, მონაწილეობს აფხაზეთის ომში. რუსეთი აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ რეალურად მონაწილეობდა.

- დიახ, ამ დროს 1992 წელს ჩვენ უკვე გაეროს წევრი ვიყავით, მაგრამ არ გამოვიყენეთ. გაეროს უშიშროების საბჭოში უნდა დაგვეყენებინა საკითხი, , რადგან ჩვენი ჯარით მათ ვერანაირად ვერ გავუმკლავდებოდით.


ბოლო დროს რატომღაც ყველა 2008 წლის ომს ახსენებს. 1992-93 წლების აფხაზეთის ომი რაღაცნაირად თითქოსდა უკანა პლანზეა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- 2008 წლის ომზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ 2008 წლის ომის შედეგად მოხდა რუსეთის მიერ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და ოკუპაცია. 2008 წლამდე რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს სიტყვიერად(საქმით - არა) საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებდა. 2008 წლის ომმა ეს სურათი, სამწუხაროდ, შეცვალა. ამას წინ უძღოდა კოსოვოს მოვლენები.


დიახ, კოსოვოს აღიარება და მისი თანმდევი მოვლენები.

- რა სცენარითაც მოხდა კოსოვოს აღიარება, რუსეთი ზუსტად იმ სცენარის გათამაშებას რომ აპირებდა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა. რუსეთი თითქოსდა ხალხის გადარჩენის მიზნით შემოდიოდა. გახსოვთ, რომ გაიძახოდა: „გენოციდი“ და „გენოციდი“. თუ „გენოციდია“ ან „გენოციდის საფრთხის წინაშეა“, უნდა გადაარჩინო და შეიძლება „დამოუკიდებლობაც“ მისცე. ყველაფერი მართული იყო. ყველაფერი შეუიარაღებელი თვალით ჩანდა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions