საქმიანი ვიზიტი თუ?

 

 

26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა და დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას შეხვდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას, თუმცა ხელი მოეწერა მხოლოდ ერთ შეთანხმებას – საინფორმაციო–კულტურული ცენტრების დაარსებისა და საქმიანობის შესახებ.

 

ღირდა კი ამხელა გზის გამოვლა იმ  ხელშეკრულებისთვის, რომლის ხელისმოწერასაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის მონაწილეობა ნამდვილად არ სჭირდება?! რუსი დიპლომატის ამ უკანონო ვიზიტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ:

 

როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ნათელია, რომ ეს არის მხოლოდ თვალის ასახვევი ფარდა. სინამდვილეში, მისი ვიზიტი დაკავშირებულია იმ საკითხებთან, რომელიც ბოლო დროს აფხაზეთსა და რუსეთს შორის წამოიჭრა, კერძოდ, ეს არის საზღვრის დემარკაციის საკითხი, ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში, რაც პერსპექტივაში აფხაზეთში მოჰაჯირების დაბრუნებას გულისხმობს. როგორც ჩანს, თაფლობის თვე სოხუმსა და მოსკოვს შორის მთავრდება. ცხადია, რუსეთს ძალიან აღიზიანებს, რომ ბაღაფში იწყებს თავის თამაშს სხვა ქვეყნებთან რუსეთისგან დამოუკიდებლად. გარდა ამისა, არის კიდევ მთელი პაკეტი გადაუჭრელი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა–არგადაწყვეტაში გამოიკვეთება ორივე მხარის პოზიცია.  აი, ეს არის ლავროვის აფხაზეთში ჩასვლის ნამდვილი მიზანი, რომ ჭკუა დაარიგოს ბღაფშსა და მის მარიონეტულ მთავრობას, რაც ძალიან მალე აისახება შედეგებზე.

 

თუკი ჭკუის სწავლება არ მიიღო ბაღაფშმა?

 

მაშინ უკაცრავად, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყურს აუწევენ, ანუ შეუწყვეტენ ინვესტიციებს, დაუბლოკავენ ტურიზმს, რომელიც ძირითადად რუსეთზეა ორიენტირებული.

 

როდესაც რუსეთმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ გაგრის ტერიტორიის 20 პროცენტი (სოფ.აიბგა), რომელიც რიწის ტბას ეკვრის, ბაღაფშმა კატეგორიულად განაცხადა, რომ არცერთი კვადრატული მეტრი არავის არ გადაეცემა. მაშინ რუსულმა დიპლომატიამ დროებით უკან დახევა ამჯობინა. ერთი თვის შემდეგ ისევ დაუბრუნდა სადავო საკითხს, თუმცა უკვე ამას მისცა საგარეო უწყების პირველი პირის ოფიციალური და „მეგობრული“ ვიზიტის ფორმა.

 

რუსეთს კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან, ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს. ამიტომ ის ცდილობს დღეს არსებულ მთავრობასთან მოილაპარაკოს ამა თუ იმ ტერიტორიულ საკითხზე და გადაწყვიტოს თავის სასარგებლოდ. იმისთვის, რომ შემდგომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები,  ვერავინ  შეედავოს და რომ ყველაფერი კანონიერად გადაეცა რუსეთს. ასე იყო მეფის რუსეთის მიერ სოჭის მითვისების დროსაც... რუსეთს ძალიან უნდა გაგრა, ეს არის მისი დიდი ხნის ოცნება , საუკუნოვანი ოცნება და ის უკან არ დაიხევს ამ მიზნის მისაღწევად. ამიტომაც დღეს ლაპარაკია გაგრაზე და იმ 160 კვ.კმ–ზე, მერე იქნება, ალბათ, ბიჭვინთა და ა.შ.

 

კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების დაკანონების საკითხია, რომელიც ისევ გახდა უთანხმოების მიზეზი რუსულ–აფხაზურ ურთიერთობებში. აფხაზეთის სეპარატისტული მმართველობა  რუსეთის მოქალაქეებისთვის (მათ შორის ქართული წარმოშობის) ქონების დაბრუნებას არ აპირებს, რასთან დაკავშირებით ს.ბაღაფშმა განაცხადა: ”სპეკულაციები, რომ თითქოს ვიღაცებს ბინებს ართმევენ, ვფიქრობ, ამით უნდა დასრულდეს... არსებობს კანონი და ბინებს იმ ხალხს მივცემთ, ვინც ამას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმსახურებს.”

 

რა თქმა უნდა, ეს ეთნოფაშიზმია! თუკი რესტიტუციის კანონი მოქმედებს ყველაზე ერთნაირად, როგორ შეიძლება, ეთნიკურ ქართველებს არ დაუბრუნო ქონება და, მაგალითად, ბერძენს დაუბრუნო.  რუსეთს ძლიან კარგად ესმის, რომ ეს არის ნონსენსი! ფაქტია, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების ქონებრივი უფლებები ირღვევა, რაზეც ისინი ჩივიან სასამართლოში, თუმცა არა მგონია,  ამ ეტაპზე რაიმე შედეგს მიაღწიონ მომჩივანებმა, 200 საქმიდან მხოლოდ 6 გადაწყდა დადებითად.

 

„რუსული დილომატიის მამის“ სოხუმში ვიზიტისას ისიც გაჟღერდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობას კიდევ სამი სახელმწიფო აღიარებს. ლავროვმა ამას „კანონზომიერი პროცესი უწოდა.

 

რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა, რომ აფხაზეთი აღიარონ ევროპის ქვეყნებმა, ამასთან პროცესების მართვა თვითონ უნდა ამ რეგიონში. აფხაზი სეპარატისტები იყურებიან ევროპისკენ. ევროპაშიც არის ძალები, რომლებიც შემხვედრ ნაბიჯს გადადგამენ. ჩვენი მთავარი ამოცანა და მოვალეობაც კი არის მივაღწიოთ იმას,  რომ ამ ვექტორმა ჩვენზე გაიაროს (თუ შევძელით ეს). მე ვფიქრობ, რომ ცხინვალისგან განსხვავებით, აფხაზეთის საკითხი განსხავებულად ჩანს როგორც ევროპის, ისე აშშ–ს გადასახედიდან. ომის შემდგომ წლებში ჩვენ წავაგეთ ინფორმაციული ომი იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიულად ვერ დავუმტკიცეთ მსოფლიოს ის ჭეშმარიტება, რომ აფხაზეთი  ჩვენი მიწაა. ეს დიდ შანსს აძლევს აფხაზებს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს აღიარება მაინც იქნება ისეთი ფორმით, რომ აფხაზეთი იქნება საქართველოს იურისდიქციაში.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions