19 ივლისი თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა


თამაზ ნადარეიშვილი 1954 წლის 19 ივლისს დაიბადა გაგრაში. სკოლა იქვე დაამთავრა. სწავლის გაგრძელების პარალელურად, მშობლიურ ქალაქში დაიწყო მუშაობა. იყო გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანი. გამოირჩეოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულებით, იყო აფხაზეთში ქართული ეროვნული მოძრაობის ღია მხარდამჭერი. 1990 წელს ის აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად. თამაზ ნადარეიშვილი არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი. 1991 წელს არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1992 წლის იანვარში კი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

 

 

აფხაზეთის ომის დროს თამაზ ნადარეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა და 1993 წლის 18 ივლისამდე ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ე.წ. განიარაღების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მთავარი შემოქმედი იყო კრემლი და მისი იმპერიალისტური მიზნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ენდობოდა რუსულ მხარეს და მიაჩნდა, რომ მათი ინიციატივით შემოთავაზებული პირობები კეთილსინდისიერად არ შესრულდებოდა. თამაზ ნადარეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე დღეში, 1993 წლის 27 ივლისს, სოჭში ხელი მოეწერა აღნიშნულ ხელშეკრულებას და, სამწუხაროდ, გამართლდა მისი ვარაუდი - სეპარატისტებმა და კრემლმა დაარღვიეს შეთანხმება და განიარაღებული ქართული მხარისა და სოხუმის წინააღმდეგ, რუსეთის გენერალურ შტაბში დიდიხნის წინ დაგეგმილი, სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს...

 

აფხაზეთიდან ქართველობის ძალადობრივად გამოდევნის შემდეგ, თამაზ ნადარეიშვილი კვლავ დაინიშნა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი. 1995 წლის თებერვალში კი, ის აირჩიეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, პარალელურად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად და 2004 წლის  აპრილამდე ახორციელებდა საკუთარ უფლება-მოვალეობას.

 

1999-2003წწ. თამაზ ნადარეიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გამოცემული კრებულებისათვის, მათ შორის ცნობილი წიგნისათვის, სახელწოდებით „შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც დოკუმენტური მასალების საფუძველზე მხილებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა, მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია.

 

აფხაზეთის პრობლემატიკის გასააქტიურებლად, თამაზ ნადარეიშვილმა შესძლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით მოხსენებები გაეკეთებინა ყველაზე მაღალი საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებიდან - გაეროს, ეუთოს, ნატოს  შტაბბინებიდან.

 

2004 წლის 30  აგვისტოს, 50 წლის ასაკში, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა თამაზ ნადარეიშვილი. მას ახლა  67 წელი შეუსრულდებოდა.

 

აფხაზეთის საზოგადოება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თამაზ ნადარეიშვილის თანამოაზრეები, თანამებრძოლები, ვერასოდეს მივცემთ მის ხსოვნას დავიწყებას და ვიმედოვნებთ, რომ აღსრულდება ბატონი თამაზისა და თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი - დავბრუნდებით აფხაზეთში!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions