თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი აშენდება

 

 

 

დიდუბის რაიონში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი აშენდება.

ინიციატივა ეკუთვნის ცნობილ ქველმოქმედს და ჯანდაცვის ორგანიზატორს, წმინდა გიორგის ორდენის კავალერს ზურაბ ჩიქოვანს, რომლის თაოსნობით შარშან გამართულ აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებაზე ჩამოყალიბდა იდეა - თბილისში აეგოთ აფხაზეთელებისთვის ყველაზე ცნობილი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის სანაცვლო მეტოქიონი, რისთვისაც ბატონმა ზ.ჩიქოვანმა მის საკუთრებაში არსებული 1400 კვ. მეტრამდე მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს საჩუქრად გადასცა.

 

15 ივნისს დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ წმინდა გიორგის სადიდებელი პირველი პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ აფხაზეთის საზოგადოებრიობას სულიერი გამხნევება და წმინდა გიორგის შეწევნა უსურვა. მამა ლევანმა გამოაცხადა, რომ ყოველ ოთხშაბათს, 7 საათზე (სანამ ეკლესია არ გადაიხურება) ამ ადგილას ჩატარდება წმინდა გიორგის პარაკლისი.

 

პარაკლისის შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ მოისმინა ზურაბ ჩიქოვანის ლექსზე შექმნილი კომპოზიტორ ჯუმბერ ჯანდიერის სიმღერა აფხაზეთზე.

 

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით დაფინანსდება. ბატონი ზურაბის განმარტებით, იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ აღნიშნა, რომ ილორის ეკლესია საქართველოსთვის და განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენს და ილორის წმინდა გიორგის ლოცვით, რომელიც ყოველგვარი დავის და უთანხმოების მომრიგებლად ითვლება  აფხაზეთში, გამთლიანდება საქართველო.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions