ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ანექსიის საფრთხეების შესახებ ისაუბრა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. მან განმარტა თუ რისთვის უნდათ რუსებს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და ოკუპირებულ რეგიონში  უძრავი ქონების შესყიდვა.

 

„დღეს რუსეთის ამოცანაა, აფხაზეთში დემოგრაფიული  ვითარება  რუსების სასარგებლოდ შეცვალოს,  სწორედ ამიტომ ითხოვს  ორმაგ მოქალაქეობას, აფხაზებს ეუბნება, თქვენ რომ რუსეთის მოქალაქეები ხართ, რუსულ პენსიას იღებთ, რუსს რატომ არ შეუძლია,  აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღოსო? აფხაზებს ამასთან დასაპირისპირებლად  გონივრული არგუმენტი არ აქვთ.   რუსეთი მათ  ეუბნება, არ გინდათ? მაშინ თქვენთვის იყავით, დაფინანსებას არ მოგცემთ  და შიმშილით დაიხოცებითო. ერთ მშვენიერ დღეს, თუნდაც 5-10 წლის შემდეგ  იქ არჩევნები რომ ჩატარდება, დემოგრაფიული ვითარება  ისეთი შეცვლილი იქნება, რომ   რუსი გაიმარჯვებს, დე ფაქტო პრეზიდენტი  რუსი გახდება, დე ფაქტო პარლამენტი  უპირატესად რუსული იქნება.  ისინი აფხაზეთის რუსეთთან შეერთების  შესახებ გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებენ. ესაა დიდი საფრთხე,  რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის საკითხი  მოიცავს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

მისივე თქმით, იმ გეგმის შესრულება, რომელსაც „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროგრამა“ ჰქვია, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს.  როგორც გამახარიამ განაცხადა,   ე.წ. ჰარმონიზაციის გეგმის განხორცილებას  რუსეთი აფხაზეთზე ეკონომიკური ზეწოლითა  და პოლიტიკური კრიზისების პროვოცირებით ცდილობს.

 

„აფხაზეთში პოლიტიკურ ვითარებას უკვე კარგა ხანია,  ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამა განსაზღვრავს.  აფხაზეთში მთელი პოლიტიკური ცხოვრება  ამ პრობლემის გარშემო ტრიალებს.   აფხაზეთის ბედი თავიდან ბოლომდე,  როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და  ყველა თვალსაზრისით ამ პროგრამაზეა დამოკიდებული. ამ  ე.წ. ჰარმონიზაციის გეგმის განხორცილებას, რომელიც , ფაქტობრივად, აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს, რუსეთი აფხაზეთზე ეკონომიკური ზეწოლითა  და პოლიტიკური კრიზისების პროვოცირებით ცდილობს. როგორც ეკონომიკური პრობლემები, ასევე პოლიტიკური კრიზისი  მართვადია,  თანაც – ისე მარტივად, რომ მთელი ბერკეტები მოსკოვშია და როცა  სჭირდებათ, ამ ბერკეტებს აამუშავებენ. ესა თუ ის კრიზისი, დაპირისპირება და ა.შ ნებისმიერ დროს შეუძლიათ,  გამოიწვიონ. დე ფაქტო პრეზიდენტი,  წინამორბედებისგან განსხვავებით, მოსკოვში საშუალოდ თვეში ერთელ მაინც ჩადის.  ამ წლის განმავლობაში უკვე ათჯერ იყო, ოქტომბერში – 2-ჯერ.  განსხვავებით წინა ვიზიტებისგან, როდესაც ბჟანიამ  ბოლო ვიზიტის შედეგები 8 ნოემბერს  შეაჯამა, თქვა,  რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ხომ ხედავთ, დამოუკიდებლობა არ დაგვიკარგავს, ახლა მორიგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ესაა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაო.

 

ეს იყო „ახალი“, რაც ბატონმა ბჟანაიამ განაცხადა, როცა ვიზიტის შედეგებს აჯამებდა.   ბჟანიამ იქვე დასძინა,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები გახდებიან და მერე არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენ უბრალოდ ამ ადამიანებს უძრავ ქონებას  მივყიდით, ისინი დიდი ფულს ჩამოიტანენ, აქ რაღაცებს აღადგენენ, დაგვასაქმებენო.  ეს ისეთი სიცრუეა,   რასაც აფხაზეთში პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.

 

საქმე ისაა, რომ აგვისტოში ბატონმა ბჟანიამ რუსეთში ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით  საკუთარი გეგმა წარადგინა,  რაც   იმ ჰარმონიზაციის პროგრამითაა გათვალისწინებული. თუ ეს გეგმა განხორციელდა, მაშინ რუსი აფხაზეთის მოქალაქეობას იღებს და მერე არავის შეეკითხება,  რას იყიდის, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ არა.  ბჟანიამ ეს ვითომ დაუმალა საზოგადოებას, მაგრამ  საზოგადოებამ ამის შესახებ ძალიან კარგად იცის.

 

ამ მთავარი დავალების შესრულებაზე, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას და რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას ეხება,   მოსახლოების შიშით დე ფაქტო ხელისუფლება, ჯერჯერობით, არ მიდის. სიტყვიერად კი განაცხადა, მაგრამ მოსკოვს ამ სიტყვების არ სჯერა, ის    საქმეს, დე ფაქტო კანონებში  შესაბამის ცვლილებებს მოითხოვს. სანამ ეს არ მოხდება,  მანამდე აფხაზეთში არსებული ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, არავითარი გაზიფიკაცია არ განხორციელდება. ახლა სასმელი წყლის პრობლემაც კი დაემატათ, რადგან  წყლის ინფრასტრუქტურა მოშლილია.

 

აფხაზური მხარე კუთხეშია მიმწყვდეული. სანამ ამ ჰარმონიზაციის პროგრამით გათვალისწინებულ  ვალდებულებებს არ შეასრულებენ, რუსეთიდან სერიოზული დაფინანსება არ ექნებათ.

 

ეს ეკონომიკური პრობლემები  პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს. გავიმეორებ, რომ  ეს პროცესები მართვადია.

 

17 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება –  „აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირი“ შეიქმნა,  რომელმაც მიზნად  აფხაზეთის სახალხო კრების მოწვევა დაისახა, სადაც ბჟანიას გადაყენება უნდა მოითხოვონ. ესაა ბჟანიაზე ზეწოლის ერთერთი მექანიზმი. ფაქტობრივად, ერთი თვე რჩება, წლის ბოლომდე უნდა მიიღონ  ორმაგი მოქალაქეობისა და რუსებისთვის უძრავი ქონების მინიჭების საკითხები, ენერგეტიკული სექტორი რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს.   სანამ ეს არ განხორციელდება, აფხაზეთი დაფინანსებას ვერ მიიღებს“, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 24.11.2021წ.

https://youtu.be/S7x0kectmYQ




ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions