ჯემალ გამახარია: „მზად არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, მშვიდობიანად, აფხაზეთის რუსეთის სივრცეში მოქცევას“

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარალელურად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი ჩუმად და უმტკივნეულოდ აფხაზეთშიც განიხილება. 2 წელია მზად არის დოკუმენტი, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს, თუმცა, რუსეთი შესაფერის დროს ელოდება.


აღნიშნულ საკითხზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საფრთხის ქვეშ დგას.

 

„ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თემაზე ადრეც ჩატარდა რეფერენდუმი, თუმცა, მას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც კი ამჯერად ბიბილოვმა ეს თემა წამოწია, იმ წამსვე, იმავდროულად, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და დუმაში ერთდროულად გაკეთდა განცხადებები. ეს ადასტურებს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული და დავალებით გაკეთებული განცხადება“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მისი თქმით, რუსეთს ყველაფერი კარგად აქვს დაგეგმილი და დალაგებული, თუმცა სათანადო დროს ელოდება.

 

„რუსეთმა კარგად იცის რა განსხვავებაა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის მოსახლეობის განწყობებში. ამიტომ, ის განსხვავებულად მოქმედებს. სხვადსხვა მეთოდებითა და ხერხებით მოქმედებს. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმით იმუქრებიან, აფხაზეთში კი  სხვა მეთოდებით. კალაშნიკოვმა განცხადებაც კი გააკეთა, ჩვენ ახლა ხელსაყრელი მომენტი გვაქვს შემოვიერთოთ სამხრეთ ოსეთი-ო, რადგან, იმაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს, რაც დაგვმართეს უკრაინის გამო და მეტი რა სანქციები უნდა დაგვიწესონ-ო.

 

აფხაზეთში სხვა ვითარებაა. იქ გააკეთეს განცხადება, რომ  დამოუკიდებლობის გზით მიდიან და კონსტიტუცია კრძალავს სტატუსის თემაზე რეფერენდუმის ჩატარებასაც კი, თუმცა, ეს განცხადებები არადამაჯერებელია. აფხაზეთში რუსეთი მოქმედებს შემოვლითი გზებით, ეკონომიკური და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით. მან იცის რომ ჯერჯერობით იქ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია. 2 წელია, მზად არის დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება. სწორედ ესა არის ის შემოვლითი გზა, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის ნელ-ნელა და მშვიდობიანად მოქცევას რუსეთის სამართლებრივ სივრცეში. გაწერილია მთელი პუნქტები რა როდის უნდა შესრულდეს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions