უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეხვდნენ დევნილ მოსახლეობას, აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 


15-16 ივლისს ქ. ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრა-დისიკუსიებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა, უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე რ.შამუგია, აფხაზეთის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის უფროსი მ.ჩხოტუა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თ.კილანავა. გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე ”აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოებისა და რეგიონალური არასამთავრობო სექტორის როლი და ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის რეალიზაციის სამოქმედო პროგრამაში”. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მომუშავე 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, აფხაზეთის განათლებისა, კულტურისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა. საქმიანი მსჯელობა გაიმართა აღნიშნულ პროგრამაში ეფექტიანი ჩართულობის მისაღწევად აფხაზეთის სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული საქმიანობის აქტუალურ საკითხებზე, ამ უკანასკნელთა შორის მემორანდუმის პროექტის შემუშავების აუცილებლობაზე, შემდგომში მსგავსი შეხვედრების ინტენსიფიცირების ფორმებზე. გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები რეგიონში აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად.

შემდეგ შეხვედრა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფახაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ წარმომადგენლობის კოორდინატორები გალის რაიონის სოფლებში და დევნილობაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებში. მოსმენილ იქნა წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თ. კილანავას ინფორმაცია მიმდინარე მუშაობის თაობაზე, დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებზე, სტრატეგიაში ჩართულობის პროგრამაში აქტიური მონაწილეობისთვის ხელშემშლელ ზოგიერთ გარემოებებზე. განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა კოლექტიურ ცენტრებში და კერძო სექტორში განსახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიმდინარე პროცესებში ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წეევრები ამ და რიგ სხვა საკითხებზე ესაუბრნენ დევნილებს.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო მოსაზრებები საქმიანი კონტაქტების სისტემატურობის აუცილებლობაზე, დევნილთა წინაშე მდგარი პოლიტიკური, სოციალური და მორალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად საქართველოში მოქმედი საერთაშორისო პოლიტიკური და ჰუმანიტარული მისიების მხრიდან რეგიონში არსებული მდგომარეობის მიმართ მეტი ყურადღების გამოვლენის მიზანშეწონილობაზე.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions