გიგა თოლორდავა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

2 სექტემბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მაღალი პროფესონიალიზმის, აქტიური საზოგადოებრივი და ეროვნული პოზიციებისათვის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ღირსების ორდენოსანი გიორგი (გიგა) თოლორდავა დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

დაჯილდოების ცერემონიალი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმარს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

შეკრებილთ მიესალმა ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უმაღლესი საბჭოდან სიტყვით გამოვიდნენ ნუგზარ მგალობლიშვილი, ელგუჯა გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია.

გიგა თოლორდავა დავიბადა ქალაქ სოხუმში 1952 წლის 31 მაისს. 1969 წელს დავამთავრა სოხუმოს მე-5 საჯარო სკოლა. 1971-1977 სწავლობდა რიგის სამედიცინო ინსტიტუტში. 1977 წლიდან მუშაობდა ქალაქ ლუძის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგად და უროლოგად. 80-82 წლებში დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა. 83 წლიდან მუშაობდა სოხუმის რკინიგზიზ საავადმყოფოში. 1990 წლიდან გახლდათ აფხაზეთის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. ომის მონაწილე, 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ "კობრას" საოპერაციო ოცეულის მეთაური. ომის შემდგომ სამედიცინო მომსახურეობის შ.პ.ს. "აფხაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი. აქვს დოცენტის წოდება უროლოგიაში. არის ღირსების ორდენოსანი და მიღებული აქვს მედლები საბრძოლო მამაცობისათვის. 2009 წლიდან იმყოფება ლატვიაში და არის ქალაქ ლუძის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმ-უროლოგი.

გიგა თოლორდავა არის მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის მონაწილე. აქვს გამოგონება სამედიცინო სფეროში თირკმლის საოპერაციო ხელსაწყოს სახით.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელით ასევე დაჯილდოვდა ცირა თოლორდავა.

იგი 2009 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლატვიაში ექიმ მშობლებთან ერთად. მან სრულყოფილად იცის ლატვიური ენა, წარჩინებით დაამთავრა სკოლა, რისთვისაც ლატვიის პრემიერ მინისტრმა მარის კუჩინსკიმ სკოლაში მიღწეული წარმატებების გამო მადლობის სიგელი გამოუგზავნა. სწავლობს ლატვიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

მუსიკალური მოღვაწეობა ცირამ 9 წლის ასაკიდან დაიწყო. ის გახლავთ ლატვიის „ნიჭიერის“ მეორე ადგილის მფლობელი, ასევე ლატვიის „ახალი ხმის.ბავშვების“ (The Voice.Kids) გამარჯვებული 2015 წელს. გარდა ამისა ის გახლავთ სხვადასხვა კლასიკური მუსიკის  კონკურსების ლაურეატი.

რიგის ლატვიური საზოგადოების ოქროს დარბაზში ორკესტრთან ერთად მან ჩაატარა სოლო კონცერტი, სადაც შეასრულა ქართული კინორომანსები, რამაც დიდი ოვაცია გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ცნობილი ლატვიელი დირიჟორის იანის დუმინშის (თბილისის კონსერვატორიის პროფესორის და თბილისის საპატიო მოქალაქის) იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე, მან, როგორც ერთერთმა მთავარმა შემსრულებელმა შეასრულა ქართული რომანსები. ამ კონცერტზე მან მონაწილეობა მიიღო ცნობილ ლატვიელ კომპოზიტორთან რაიმონდ პაულსთან ერთად, რისგანაც დაიმსახურა აღფრთოვანება და ძალიან მაღალი შეფასება. დღემდე აგრძელებს იანის დუმინშის ფონდთან თანამშრომლობას, რომელიც მართავს კონცერტებს ლატვიასა და საქართველოში.

ცირას შესრულებული აქვს დუეტები ცნობილ ქართველ და უცხოელ ოპერის და პოპ მუსიკის მომღერლებთან. მაგალითად, მონაწილეობდა ლატვიაში ზურაბ სოტკილავას სოლო კონცერტზე. დუეტი შეასრულა მსოფლიოში ცნობილ ლატვიელ სოპრანოსთან ინესე გალანტესთან ერთად რიგის მთავარ საკათედრო ტაძარში. ასევე „ნიჭიერის“ ფარგლებში მან შეასრულა დუეტი ლატვიის პოპ მუსიკის ვარსკვლავთან ლაურის რეინიკსთან. 2016 და 2018 წლებში ქ.რიგაში ცნობილ ქართულ ანსამბლთან „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეასრულა საქართველოს და ლატვიის ჰიმნი, ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ და სხვა ქართული სიმღერები.

თანამშრომლობს ლატვიელ კომპოზიტორთან ერიკს ეგლიტისთან, სადაც დგება ლატვიურ ქართული ახალი ნაწარმოებების ტანდემი.

ასევე მან მონაწილეობა მიიღო ლატვიის ყველაზე მაშტაბურ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალზე, სადაც შეასრულა ქართული ფოლკლორული სიმღერები.

ამასთან ერთად ცირა აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში ლატვიაში, ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში. საქართველოში 2015 წელს, ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ მუხურში საკუთარი ინიციატივით ჩაატარა საქველმოქმედო სოლო კონცერტი, რომლისგან შემოსული თანხა მოხმარდა ადგილობრივი ბავშვების მკურნალობას.

ასევე, მან 2013 წელს, 12 წლის ასაკში რიგაში ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში: „მე ვცხოვრობ ლატვიაში“ გაიმარჯვა ნაშრომით, სადაც აღწერა რუსული აგრესიის ზეგავლენა მისი ოჯახის ცხოვრებაზე, როგორ გახდა მისი ოჯახი დევნილი საკუათარი სახლიდან და რა გზა გაიარეს მათ. კონკურსის მარგლებში ის შეხვდა ლატვიის მაშინდელ პრეზიდენტს, ანდრის ბერზინშდა ესაუბრა საქართველოს შესახებ.

2020 წლიდან ცირა გახდა ლატვიის რადიო ოთხის გადაცემის „სამშობლო“-ს წამყვანი, სადაც ის აცნობს ლატვიის მაცხოვრებლებს გამოჩენილ ქართველ ადამიანებს, რომლებიც მოღვაწეობენ ლატვიში და ხელს უწყობენ კულტურულ დაახლოებას ლატვიასა და საქართელოში.

ცირა ასევე მუშაობდა კოვიდ განყოფილებაში, სადაც მკურნალობდა კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს.



























































































































































































 

 

 

 

 

 

 



















































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions