ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ეღიარებინათ მათი დამოუკიდებლობა.
ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იმყოფებიან საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ, რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია წევრ სახელმწიფოებში, ასევე, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში.
„ერთიანი სავიზო პოლიტიკისა და ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, გარესაზღვრების გადამკვეთ პირთა შემოწმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან ტერიტორიებზე, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზის გაცემისა და გარესაზღვრების გადაკვეთის მიზნით. ეს ცვლილება ასევე უნდა გავრცელდეს ასეთი პირების შთამომავლებზე. წევრსახელმწიფოებს ასევე უნდა შეეძლოთ გაუქმება, თუ პირი იყო არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ასეთი სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დროს“, – აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში.
1tv.ge