აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა

21 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას მოხსენება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულის 2018-2021 წლების მოხსენებების ანალიზის შესახებ.


ადა მარშანიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, აფხაზეთში პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემები. ამასთან, მან ისაუბრა გალის რაიონში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე.


დისკუსიაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნეგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატები თეიმურაზ მჟავია, ზურაბ ჯგუბურია. დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები ე.წ. ონბუცმენის მოხსენებებისა და საქმიანობის ირგვლივ. 

კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტს საინტერესო ინფორმაციისთვის, ამასთან მიმოიხილა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კომიტეტების მიერ საკუთარი პროფილის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესწავლისა და პოლიტიკური შეფასების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.














































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions