26 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის გაფართოებული სხდომა-დისკუსია ჩატარდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა მიმართ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საერთაშორისო სამართლის ჭრილში განხილვას მიეძღვნა. ამ თემაზე მოხსენება სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვ. გვარამიამ წაიკითხა.
დისკუსიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის პროკურორმა ანზორ ლაცუზბაიამ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურმა.