აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა აფხაზეთის მკვიდრი, ღირსეული მოქალაქე და პროფესიონალი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი წევრი, ომის პერიოდში აფხაზეთში სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
კიდევ ერთი სოხუმელი, აფხაზეთზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი წავიდა ამ ქვეყნიდან აუსრულებელი ოცნებით. გიორგი ქოიავა სხვადასხვა დროს დაკავებული იყო სამეცნიერო მოღვაწეობით. ბოლო წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. იგი ცნობილი იყო როგორც თავისი საქმიანობისათვის თავდადებული პროფესიონალი, სამშობლოს ინტერესების უანგარო დამცველი, უღალატო მეგობარი, კარგი მეოჯახე, რომელთაც დაუტოვა წარუშლელი მოგონებები, ადამიანური სითბო და სიყვარული.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გიორგი ქოიავას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, აფხაზეთის საზოგადოებას.