თამარ მეფის ხსენების დღეს გილოცავთ!

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი მისი გარდაცვალების დღეა. 14 მაისს კი თამარის დაბადების დღე აღინიშნება.


თამარ მეფე მისი ღირსეული მამულიშვილური მოღვაწეობისათვის, სამშობლოს ერთგულებისათვის, ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად არის შერაცხული.

გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, მამამ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი თამარი საქართველოს მონარქი გახდა. მისი მეფობის პერიოდს საქართველოს ოქროს ხანად მოიხსენიებენ და აღიარებენ, რომ ის უაღრესად გონიერი და წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს მთელ საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს თამარობას; ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ოჯახურ ბედნიერებას და სამშობლოს საკეთილდღეოდ წარმატებულ მოღვაწეობას უსურვებს თითოეულს. „თამარის ეპოქაში აღიარებული უძლიერესი სახელმწიფოს ტიტული მალე კვლავ მოეპოვებინოს ჩვენს საქართველოს!“ - აღნიშნავს ჯემალ გამახარია.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions