აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ერთხმად დაუჭირეს მხარი პროცედურის დაწყებას.

დეპუტატებმა მოისმინეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ანგარიში „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული კლასგარეშე სწავლების საპილოტე პროგრამის მიმდინარეობის შესახებ“, რომელიც წარმოადგინა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ. მან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების მნიშვნელობაზე, გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგებზე და ასევე ცალკეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით არსებულ პრობლემებზე, ხელშემშლელ ფაქტორებზე.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა  ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, რაისა ქარაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ელგუჯა გვაზავამ, მურმან კვარაცხელიამ, ადა მარშანიამ. მათ უაღრესად დადებითი შეფასება მისცეს იმ შედეგებს, რაც თვალნათლივ ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების კუთხით და სამომავლოდ ამ საქმიანობის უფრო მეტი განვრცობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სხდომას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მინისტრის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია.

სხდომაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი მხედრული სიმამაცისა და თავდადებისათვის, ეროვნული გვარდიის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი სოსო ჯომიდავა და მისი მეუღლე ამავე ბატალიონის სამედიცინო სამასხურის უფროსი ჯოკონდა ფირცხალავა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენისა და ქართული ცნობიერების გადარჩენის მიზნით. ეს პროექტი არის საპილოტე და მონაწილეთა რაოდენობა, რომელსაც ის დღესდღეობით მოიცავს უნდა გაფართოვდეს.

ჯემალ გამახარიამ ასევე ისაუბრა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებზე, მათი დამსახურების დაფასებაზე და კოლეგებს შესთავაზა ტრადიციად დაემკვიდრებინათ ყოველ სხდომაზე ასეთი გამორჩეული ადამიანების დაჯილდოვება.

სხდომებს, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.












































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions