20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეისთვის მსოფლიოში მილიონობით ადამიანი - კაცი, ქალი და ბავშვი ძალით არის აყრილი ფუძეებიდან და იძულებით გადაადგილებული პირის ან ლტოლვილის სტატუსის მატარებელია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით 280 000 ათას ადამიანს შეადგენს.

 

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებები და მათ მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები მნიშვნელოვანწილად ასახულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარია განცხადებით: „ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით, რომელიც თავადაც დევნილი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, სოლიდარობას ვუცხადებთ მსოფლიოს ყველა ლტოლვილს, მხარში ვუდგავართ საქართველოში დევნილობაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ქედს ვიხრით მათი მოთმინებისა და სულიერი სიმტკიცის წინაშე, მიუხედავად არაერთი შეზღუდვის, გაჭირვებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვისა, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.

აღსანიშნავია საერთაშორისო ორგანიზაციების - გაერო, ეუთო და სხვათა, მრავალწლიანი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა და მათ მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ მიღებული არაერთი მხარდამჭერი რეზოლუციები, რომლებშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები, დადასტურებულია დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

მიმდინარე წელს აფხაზეთის დაცემიდან 30 წელი სრულდება. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამჯერად მაინც მისცემენ ადექვატურ შეფასებას აფხაზეთში 30 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას - ადამიანურობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის ირგვლივ შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ორივე მხარის შერიგებითა და ნდობის აღდგენით ესწრაფვის დევნილთა და ლტოლვილთა კანონიერი უფლების - საკუთარ სახლ-კარში დაბრუნების უფლების მოპოვებას. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში დადგება დღე, როდესაც თითოეული დევნილი და მათი შთამომავლები დაუბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარს და ყველა მათგანს აღუდგება მშობლიურ მხარეში ღირსეული - ადამიანური ცხოვრების ძალადობრივად წართმეული უფლება!

დღეს ჩვენ დევნილების გვერდით ვართ. ერთად, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ოცნების ასრულებას!

უფალი გფარავდეთ!

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions