აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამეცნიერო-თემატური კონფერენცია ჩატარდა

27 ივლისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო-თემატური კონფერენცია ჩატარდა, რომელიც 1993 წლის 27 ივლისს დადებულ ე.წ. სოჭის შეთანხმების 30-ე წელს მიეძღვნა.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილეები თამაზ ხუბუა და რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა, დეპუტატები ეთერ ასტემიროვა, თეიმურაზ მჟავია, ელგუჯა გვაზავა და სხვ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ მისი რექტორი ზურაბ ხონელიძე,  პროფესორები ზურაბ პაპასქირი, დავით ჯალაღონია, დაზმირ ჯოჯუა, კობა ოკუჯავა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით გულუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანრი უბირია, უმაღლესი საბჭოს და მთავრობის, აკადემიური წრეების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან მოკლედ ისაუბრა 1993 წლის 27 ივლისს დადებულ ე.წ. სოჭის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. ჯემალ გამახარიას განცხადებით, „მიმდინარე წელი საკმაოდ მძიმე წელია ჩვენთვის. სრულდება 30-ე წელი აფხაზეთის დაცემიდან, შესაბამისად, იმ მოვლენებისა, რომლებიც წინ უძღოდნენ აფხაზეთის ტრაგედიას. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც განაპირობა აფხაზეთის დაცემა, გახლავთ სწორედ სოჭის შეთანხმება, რომელიც 1993 წლის 27 ივლისს იქნა ხელმოწერილი. ჩვენ გვახსოვს 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც გაგრა შეეწირა; გვახსოვს 1993 წლის 14 მაისიც, როდესაც იმავე მოსკოვში გაფორმდა 20 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი, რასაც მოჰყვა მასირებული შეტევა, რომელიც 27 ივლისის კაპიტულანტური შეთანხმებით დასრულდა. სამწუხაროდ, ყველა შეთანხმება, რომელსაც მაშინ ხელი მოეწერა, იყო ჩვენს საზიანოდ. მსგავსი რომ არ განმეორდეს, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის მოვლენები, დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ ყოველივე და გავაკეთოთ სათანადო დასკვნები. მიმდინარე წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 30-ე წელია ჩვენი დევნილობიდან და აფხაზეთის დაცემიდან. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთში მიმდინარეობს ძალიან დიდი მზადება. გამოყოფილია სოლიდური ფინანსური სახსრები, რათა სათანადოდ აღინიშნოს ეს თარიღი როგორც აფხაზეთში, ისე რუსეთში და, თუ შესაძლებლობა მიეცემათ, მსოფლიოშიც. ზემოაღნიშნულის კონტექსტში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოს ცენტრალური უწყებებისთვის მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები და გამზადებული მასალები, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებში მივაღწიოთ იმას, რასაც ვერ მივაღწიეთ 90-იან წლებში, ანუ აფხაზეთის ომის შედეგების ობიექტურ შეფასებას. ამასთან, სექტემბერში მზადდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავს; მოწვეული იქნებიან  საერთაშორისო სამართლის ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ აფხაზეთის ომის შედეგებთან დაკავშირებით“.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, დღეს არსებული ვითარება და დაგროვილი გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

ძირითადი მოხსენება წარმოადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დაზმირ ჯოჯუამ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, ყურადღება გაამახვილა სამხედრო დიპლომატიის ასპექტებზე, წარმოადგინა 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყეტისა და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმების შესახებ ანალიზი ჰიბრიდული ომის ჭრილში. მომხსენებელმა სოჭის შეთანხმება შეაფასა როგორც სოხუმის აღების რუსული გეგმის ნაწილი.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც ჩაერთვნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, პროფესორები ზურაბ ხონელიძე, ზურაბ პაპასქირი, ალექსანდრე რუსეცკი. კონფერენციის მონაწილეებს უაღრესად საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა დავით გულუამ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ელგუჯა გვაზავამ, თეიმურაზ მჟავიამ და ჯანრი უბირიამ.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ჯემალ გამახარიამ.



აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამეცნიერო-თემატური კონფერენცია ჩატარდა
https://youtu.be/pJ2Dr0nUYKY

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამეცნიერო-თემატური კონფერენცია სახელწოდებით: „1993 წლის 27 ივლისს დადებულ ე.წ. სოჭის შეთანხმების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით“ - იმედი ტვ
https://youtu.be/1KKgtBdoiR8

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამეცნიერო-თემატური კონფერენცია სახელწოდებით: „1993 წლის 27 ივლისს დადებულ ე.წ. სოჭის შეთანხმების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით“ - რუსთავი2 ტვ
https://youtu.be/S4ZZNgHtp0M

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამეცნიერო-თემატური კონფერენცია სახელწოდებით: „1993 წლის 27 ივლისს დადებულ ე.წ. სოჭის შეთანხმების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით“ - პალიტრა ტვ
https://youtu.be/pdlO_7tqc1s

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამეცნიერო-თემატური კონფერენცია სახელწოდებით: „1993 წლის 27 ივლისს დადებულ ე.წ. სოჭის შეთანხმების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით“ - მაესტრო ტვ
https://youtu.be/bZgilKThTYk










































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions