შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

14 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და აფხაზეთის პროფკავშირების გაერთიანებამ აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს.

 

შეხვედრა-დისკუსიამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის - ”ჩართულობა თანამშრომლობის გზით” რეალიზაციის ფარგლებში აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მონაწილეობის მდგომარეობის ანალიზი და ერთობლივი სამომავლო პრაქტიკული ღონისძიებები განსაზღვრა.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე 20 არასამთავრობო ორგანიზაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

”საქართველოს რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვის მდგომარეობისა და სახელმწიფო სტრატეგიაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად სამომავლო ამოცანების განსაზღვრის შესახებ” ძირითადი მოხსენებით აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენელი, დევნილთა ასოციაცია ”მშვიდობისათვის” აღმასრულებელი დირექტორი ლელა გულედანი წარსდგა. მისი განცხადებით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში უშუალოდ დევნილებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ისინი არც სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილეობენ. ლელა გულედანის თქმით, დევნილთა სავალალო მდგომარეობას უმთავრესად საკუთარ კომპეტენციაში გაურკვევლობა და პასიური პოზიცია განაპირობებს.

 

დისკუსიაში მონაწილე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ”სახელმწიფო სტრატეგია” ნაკლებად ასახავს დევნილთა ინტერესებს, რასაც არ დაეთანხმნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. მათი განცხადებით, ”სტრატეგია” ნათლად გამოხატავს, როგორც დევნილთა, ისე სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ დეპუტატთა განმარტებით, სამწუხარო ის არის, რომ ცალკეულ შემთხვევებში სამოქმედო გეგმა ”სტრატეგიის” შესაბამისად არ ხორციელდება.

 

შეხვედრას მიესალმა და მსგავსი შეხვედრების პოზიტიურ მნიშვნელობაზე, ინფორმაციების გაცვლისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions