2023 წლის 20 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, დეპუტატ მურმან კვარაცხელიას ინიციატივით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში რაულ ეშბას ხსოვნის საღამო ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებსაც დღემდე აწუხებთ აფხაზეთის ბედი, დღემდე ენატრებათ საკუთარი ფუძე და ობლად დარჩენილი წინაპართა საფლავები.
საღამო დაიწყო ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებული „ვარადათი“, რომელმაც სევდიანი მოგონებები აღუძრა მსმენელებს. ბატონმა მურმან კვარაცხელიამ, რომელიც პირადად იცნობდა რაულ ეშბას, ისაუბრა მის ადამიანურ თვისებებზე, მის თანადგომაზე მოყვასთა მიმართ. ბევრი რამ გაიხსენა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ. რაულ ეშბაზე, როგორც პიროვნებაზე, ისაუბრა, აგრეთვე, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ზურაბ მებონიამ, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ გაიხსენა მასთან მეგობრობის წლები, ოჯახური ურთიერთობები და ომისშემდგომი კავშირები. პირდაპირი ჩართვით ისაუბრა აფხაზეთის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა დავით გულუამ.
„შავნაბადამ“ კიდევ ერთხელ დაატკბო მსმენელი „გაფრინდი შავო მერცხალოთი“. დასასრულს, გამოითქვა მოსაზრება, რომ რაულ ეშბას, როგორც აფხაზთა და ქართველთა ერთიანობისათვის ბრძოლას შეწირული ვაჟკაცის, სახელი უფრო ფართო საზოგადოებამ უნდა გაიცნოს და ამაში საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც აფხაზეთის,ისე საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა.