ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივ საბჭოს „საქართველოში კონფლიქტის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 16 ნოემბერს ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივ საბჭოს „საქართველოში კონფლიქტის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  თანათავმჯდომარეების მოხსენების საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელეს განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, როგორიცაა 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცება, ბორდერიზაცია და რუსეთის გეგმები ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენების თაობაზე


ევროკავშირის განცხადება

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიმართვის საპასუხოდ, ევროკავშირმა ეუთოს მუდმივ საბჭოზე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა რუსეთს მკაფიო განცხადება გააკეთოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ასეთ ვალდებულებას, შემოწმების მექანიზმის შექმნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნდობის ასამაღლებლად და, ამასთანავე, გზას გაუსხნის პოლიტიკურ დიალოგს. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება საქართველოს მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა.


ევროკავშირის განცხადება სინანულს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ჰუმანიტარულ საკითხებზე მე-2 სამუშაო ჯგუფში დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით დისკუსიები კვლავ შეუძლებელია რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებიდან გასვლის გამო.

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ფართო რეგიონზე კონფლიქტის გაგრძელების ზემოქმედების გამო და დაგმო რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა საქართველოში. ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მცდელობებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაცია მოახდინოს, ასევე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებების, გადაადგილების შეზღუდვის, საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებისა და აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის გეგმების გამო.

განცხადებაში ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე დაიყონებლივი წვდომა უზრუნველყოს“ და შეშფოთება გამოხატა ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის გამო. ევროკავშირმა დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება 6 ნოემბერს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აუცილებელია, რომ აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტები, ისევე როგორც შემდგომი ესკალაცია და დამნაშავეები დაისაჯონ”.

„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, ხელახლა აიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემის ვალდებულება და შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და დაუყონებლივ. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების სათანადო შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისკენ, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად და წინაპირობების გარეშე.


Civil.ge

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions