უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

6 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციის „აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ“ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; და, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების შესახებ.

ბიუჯეტთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციით საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცებას.

პრეზიდიუმმა მოისმინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების შესახებ.

„უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა ჯილდოებს შორის გათვალისწინებული არის უმაღლესი საბჭოს მედალი. ეს არ არის სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდოა მედლის სახით. ძალიან საპატიოა ასეთი მედლის მიღება. ჩვენ უკვე ხუთი ეგზემპლარი დავამზადეთ. იყო დიდი კამათიც დიზაინთან დაკავშრებით. მედლის დიზაინის შექმნაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ბატონ ნუგზარ მგალობლიშილს“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭოს პირველი მედალი მიენიჭება ახლახან გარდაცვლილ კოლეგას და მაღალი დონის პროფესიონალს ქალბატონ დალი ჯონჯუას, რომელიც აფხაზეთიდან მოყოლებული ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთის ბრძოლის წინა ხაზზე და ის ავადმყოფობის პერიოდშიც აგრძელებდა თავის საქმიანობას.

საერთაშორისო კავშრების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტმა წამოაყენა წინადადება, რომ უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე, უმაღლეს საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოისმინეს იურიდიულ და პროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაცია „აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ“. მისი განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული შეზღუდული პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების პირობებში აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ცდილობს შექმნას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი იმიჯი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის მცდელობაზეა საუბარი ევროპარლამენტის 2001 წლის რეზოლუციაშიც. 2001 წლის 18 ივლისის დადგენილებაში საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის დაკანონებას, ხოლო 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ აქტიურად მიმდინარეობს არაოფიციალური ანექსიის სამართლებრივი უზრუნველყოფის დაკანონების პროცესი.

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, „აფხაზეთს, სხვადასხვა შინაარსითა და მიმართულებით, რუსეთთან გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი შეთანხმება, ასევე  -რუსეთის ფედერაციის 30 სუბიქტთან და უცხოეთის რიგ ქვეყნებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებებმა ორივე მხარის რატიფიცირების შემდეგ მიიღეს კანონის სტატუსი. ასევე კრემლსა და სოხუმს შორის რატიფიცირებული იქნა რიგი სხვა კანონები. რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების ე.წ. პროგრამა ემსახურება აფხაზეთის ეტაპობრივ ინტეგრირებას რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო,  ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში. ამაზე ღიად საუბრობენ „ხელშეკრულების“ ავტორებიც.  უნდა ითქვას, რომ თვით აფხაზეთში გამოჩდნენ ძალები, რომლებმაც ამ დოკუმენტში შენიშნეს სერიოზული საფრთხეები. მათ მიიჩნიეს, რომ „ხელშეკრულების“ შინაარსი დამოუკიდებელი აფხაზეთის ინტერესების შემლახველია და ეწინააღმდეგება “ქვეყნის კონსტიტუციას”.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ მიიღო სრული კონტროლის უფლება აფხაზეთში ეკონომიკის ბევრ სფეროზე, სოხუმის ხელისუფლებამ მაინც ვერ შექმნა ისეთი საკანონმდებლო ბაზა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში, რომელიც რუსეთის ფედერაციას ბოლომდე გაუხსნიდა ხელ-ფეხს მოქმედებისათვის. 2020 წლის ნოემბერს ოფიცილურად გახდა ცნობილი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის „გაფორმებული“ დოკუმენტი - „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების ღონისძიებების გეგმა“. აღნიშნული დოკუმენტი არის ლოგიკური გაგრძელება 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისა და მის შემდგომ ხელმოწერილი ხელშეკრულებებისა. ამ ხელშეკრულებებიდან აღსანიშნავია 2014 წლის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება“, რომელიც, ბევრ სხვა პუნქტთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების რუსეთის გენშტაბის დაქვემდებარებაში გადასვლასაც ითვალისწინებს“ - დასძინა ვ. ყოლბაიამ.

მან ასევე ისაუბრა გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მქონე გალის მკვიდრთათვის აფხაზური პასპორტების გაეუქმების საკითხზე, რამაც რეგიონში მცხოვრები ქართველები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. დღესდღეობით გალის მკვიდრთა უმრავლესობა დროებითი ბინადრობის საბუთს, ე.წ. „ფორმა 9-ს“ იყენებს, რომლის გაუქმებაც, როგორც წესი, დე ფაქტო ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საკითხის ირგვლივ შენიშნები და მოსაზრებები გამოთქვეს უამღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ფრაქციის „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართელოსთვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ.

დისკუსია შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც დადებითად შეაფასა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული ინფორმაცია. „ჩვენ უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ იმ პრობლემებს, რომელიც ენგურს გაღმა არსებობს. ანუ იმ ტერიტორიაზე, რომლის ხელისუფლებასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით უნდა ვიცოდეთ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ და მოუწოდა კოლეგებს, რომ გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.









































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions