აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წევრებმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

 

13 მარტს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკა ტყეშელაშვილმა წარმოადგინა.

 

მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი კომპლექსურ მიდგომას და ქვეყნის საშინაო პროცესების და საგარეო მიმართულებების კოორდინაციას საჭიროებს. მისი განცხადებით, სამინისტრო სამუშაო დონეზე ნაყოფიერად თანამშრომლობს საკანონმდებლო ორგანოსთან და მჭიდრო ურთიერთობები აქვს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. "დეოკუპაციის საკითხი ერთი სახელმწიფოს ან ქვეყნის შიგნით ერთი პოლიტიკური პარტიის ქმედებით ვერ მოგვარდება და ეს პრობლემა ფრაგმენტული მიდგომით არ გადაიჭრება, ამიტომ აუცილებელია კოორდინაცია და მიზანმიმართული, სისტემური პროცესების წარმოება", - აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ტერიტოერიების ოკუპაციის შემდეგ საქართველომ პრაგმატული გზა აირჩია, რომელსაც  დეოკუპაციის მდგრადი განვითარების რეალური შანსი გააჩნია. მისივე მოსაზრებით, საერთაშორისო, დიპლომატიური აქტიურობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ქვეყანას დეოკუპაციამდე მიიყვანს. "დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არის მოკლევადიანი პროცესი, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს პროცესი რაც შეიძლება მოკლე პერიოდში განხორციელდეს".

 

"სანამ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამ რეგიონების ოკუპაციას ახორციელებს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა  შესაძლებლობა, რათა ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა და ნდობა განვაახლოთ, რომელიც ყოველთვის გაგვაჩნდა. ეს არ არის მარტივი და მოკლევადიანი პროცესი, თუმცა აუცილებლად შესასრულებელი ამოცანაა" – აღნიშნა ეკატერინე ტყეშელაშვილმა.

 

კომისიის სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

 

 


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions